თენგიზ ცერცვაძე

ტიკარაძე ცერცვაძეზე: აგრძელებს ღვაწლმოსილ მუშაობას, სახელმწიფოს, მის მინისტრს არ უღალატებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ დატოვებს რადგან "მის მინისტრს არ უღალატებს." 

"დღეს მე და ბატონ თენგიზს კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა ჩვენ გუშინ გვქონდა საკორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც ბატონი თენგიზი ხელმძღვანელობს კლინიკურ ჯგუფს, რის შედეგადაც დაგეგმილია, რომ ბატონი თენგიზი წავიდეს ბათუმში, რადგან იქ არის მწვავე მდგომარეობა. 

რამდენადაც საღამოს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ბატონი თენგიზი არ ტოვებს თანამდებობას და აგრძელებს მის ღვაწლმოსილ მუშაობას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაა კოვიდთან მიმართებაში, ბატონი თენგიზი არის მაღალი პროფესიონალი, თავის პაციენტებს, სახელმწიფოს და ასევე მის მინისტრს არ უღალატებს, დარწმუნებული ვარ." - ამბობს ტიკარაძე. მინისტრის კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიაში ვრცელდებოდა ცნობა იმის შესახებ, რომ თენგიზ ცერცვაძემ პოსტი დატოვა. ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურმა, გიორგი ბერაძემ კი გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ცერცვაძე პოსტზე რჩება. 

პროფესორი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თენგიზ ცერცვაძე საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელია. ინფექციურ საავადმყოფოს ის 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. პარალელურად, თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ახალი კორონავირუსის პანდემიის მართვის პროტოკოლის ავტორი და Covid-19-თან ბრძოლის მიზნით შექმნილი მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრია. 

კომენტარები