არჩევნები 2020

EMC: ჟურნალისტების მიმართ ძალადობას დამაზიანებელი გავლენა აქვს დემოკრატიულ პროცესზე

მთავარი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს 29 სექტემბერს ქალაქ მარნეულში სამოქალაქო აქტივისტებზე, ჟურნალისტებსა და ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებზე თავდასხმის ფაქტების პირველად სამართლებრივ შეფასებას.

"EMC მიიჩნევს, რომ ქალაქ მარნეულში და მანამდე ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის შემთხვევები კიდევ ერთხელ აჩვენებს ღრმა პოლარიზების და ანტაგონიზმის პრობლემას ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. პოლიტიკური პასუხიმგებლობის სრული უგულებელყოფით პარტიებს დაპირისპირება, კონფლიქტი და შფოთი მიკროსოციალურ ველში გადააქვთ და არ იაზრებენ ამგვარი კონფლიქტების სოციალურ შედეგებს, რომელიც შიშს, უნდობლობას, იმედგაცრუებას და იზოლაციას იწვევს". - წერია შეფასებაში.

EMC-სთვის მიუღებელია პარტიული აქტივისტების მხრიდან ძალადობა სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე, რადგან ამგვარ შემთხვევებს შეიძლება გამყინავი და დამაზიანებელი გავლენა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლებაზე და დემოკრატიულ პროცესებზე.

EMC მოუწოდებს სახელმწიფოს და პროკურატურას, შეისწავლოს ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლების უმოქმედობა, გამოიძიოს გამოვლენილი დანაშაულებრივი შემთხვევები დამოუკიდებელად, დროულად და ეფექტიანად.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს, მარნეულში, მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის ხელჩართული დაპირისპირება მიმდინარეობდა. საღამოს ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა, რა დროსაც ენმ-ს წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მოგვიანებით თავს დაესხნენ მთავარი არხის გადამღები ჯგუფის ორ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს, სცემეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო როგორც ენმ-ს წევრებზე თავდასხმის ფაქტზე, ისე ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზეც.

კომენტარები