აზერბაიჯანი-სომხეთი

ირინა არაბიძე: აზერბაიჯან-სომხეთის ომში საქართველოს ნეიტრალიტეტის კანონი სჭირდება

nydailynews

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში საქართველოს ოთხივე მეზობელი ომში ჩაბმული აღმოჩნდება. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ეს საქართველოსთვის უსაფრთხოების უზარმაზარ პრობლემას წარმოშობს. 

თურქეთი აზერბაიჯანის უპირობო მხარდამჭერია, რაც პრეზიდენტმა ერდოღანმა მისი ბოლო განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა. სომხეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და საკუთარ ტერიტორიაზე რუსულ სამხედრო ბაზას სტუმრობს. ომის შემთხვევაში, რუსეთს სომხეთში გიუმრის ბაზის მოსამარაგებლად, დიდი ალბათობით საქართველოს საჰაერო სივრცის და სახმელეთო კორიდორის გამოყენება დასჭირდება. ამ მოთხოვნაზე დათანხმება მიუღებელია. აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან. ეს ქვეყნები მხარს გვიჭერენ საერთაშორისო ასპარეზზე და მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე. სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს, ხოლო რუსეთი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ღია მტერია. ამასთან, უარის შემთხვევაში იზრდება რისკი, რომ რუსეთი უნებართვოდ გაჭრის საქართველოზე გზას.

სახმელეთო ტრანზიტი შეიძლება გვთხოვოს თურქეთმაც. თურქეთს აზერბაიჯანის ცენტრალურ ნაწილთან მხოლოდ 12 კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლი აკავშირებს ნახიჭევანში, სადაც ინფრასტრუქტურა გაუმართავია. შესაბამისად,  გარდა იმ მძიმე ეკონომიკური გავლენისა, რაც ამ დაპირისპირებას საქართველოზე ექნება, შესაძლოა ქვეყანა ურთულესი არჩევანის წინაშე დადგეს. 

როგორ უნდა მოიქცეს საქართველო?

მასშტაბური ესკალაციის შემთხვევაში, საქართველოს სამხედრო ტრანზიტის მოთხოვნაზე ან ჩვენი საჰაერო და სახმელეთო კორიდორის დაუკითხავ გამოყენებაზე  შეიძლება მოუხდეს რეაგირება. რუსეთისთვის გზის დათმობა ომის მხარედ გვაქცევს და სტრატეგიულ პარტნიორებთან უკიდურესად გვირთულებს ურთიერთობას. 

იარაღის ტრანზიტის თემაზე დაძაბულობა მიმდინარე წლის ზაფხულშიც წარმოიშვა. ივლისში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მორიგი ესკალაციის ფონზე, აზერბაიჯანული სახელმწიფო მედია წყარო იტყობინებოდა, რომ  სერბეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გრადის ტიპის რაკეტმტყორცნები ჩაიტანეს. ინფორმაციამ აზერბაიჯანში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ალიევმა უარყო გავრცელებული ცნობა და განაცხადა, რომ საქართველო სანდო პარტნიორია და რომ მან საკუთარ ტერიტორიაზე იარაღის გატარებაზე უარი თქვა. ომის შემთხვევაში, მსგავსი პრობლემა ბევრად უფრო მეტი სიმწვავით დადგება. შესაბამისად, აუცილებელია საქართველომ გააძლიეროს შეკავების პოლიტიკა, რისი მეშვეობითაც წინასწარ მივიღებთ ზომებს, რათა ეს საშიში არჩევანი თავიდან ავიცილოთ.

ამჟამად საქართველო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე ჩაურევლობის პრინციპით მოქმედებს და სამხედრო მიზნებით საკუთარი ტერიტორიის გამოყენებას არ უშვებს. მსგავსი პოზიციის შენარჩუნება იოლია სანამ დაპირისპირება აქტიურ ფაზაში არ არის, მაგრამ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში საქართველოს, დიდი ალბათობით, გამონაკლისის გაკეთებას მოსთხოვენ. 

ამიტომ, აუცილებელია დასავლეთის მხარდაჭერით ქვეყნის პოზიციის კანონის ძალით გამყარება და  აზერბაიჯანი-სომხეთის დაპირისპირებაში ფორმალური ნეიტრალიტეტის გამოცხადება. საქართველომ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ მონაწილეობას არ მიიღებს სამხედრო დაპირისპირებაში, არ გაუწევს კონფლიქტის მხარეებს სამხედრო ან სადაზვერვო დახმარებას და არ დაუშვებს მისი ტერიტორიის ესკალაციისთვის გამოყენებას. ეს ნაბიჯი ორ მიზანს ემსახურება. პირველი, ამჟამინდელ არაფორმალურ მიუმხრობლობას სავალდებულოს გავხდით, რითაც ფაქტის წინაშე დადგომამდე მივიღებთ ზომებს საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, პროაქტიულად ვიმუშავებთ დასავლელ პარტნიორებთან მათი მყარი მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რის გარეშეც მოცემული კანონი არ იმუშავებს. დასავლეთის მხარდაჭერის თანხლებით ჩვენი მკვეთრად გამოხატული პოზიცია შემაკავებელ როლს ითამაშებს და აღებული ვალდებულების შესრულებაში დაგვეხმარება.

ნეიტრალიტეტი ომში ჩართული მხარეების მიმართ თანაბარ დამოკიდებულებას მოითხოვს. მოცემულ კონფლიქტში თანაბარი დამოკიდებულება საქართველოს ოთხ განსხვავებულ ალტერნატივას აძლევს. საქართველოს შეუძლია (1) ყველა მხარეს გაუხსნას სახმელეთო და საჰაერო კორიდორი იარაღის და შეიარაღებული ძალების ტრანზიტისთვის; (2) სრულად აკრძალოს ეს მიმოსვლა ომის ყველა მონაწილე სახელმწიფოსთვის; (3) დაუშვას საჰაერო გადაფრენები, მაგრამ აკრძალოს სახმელეთო კავშირი; (4) ან დაკეტოს საჰაერო სივრცე და ღია დატოვოს სახმელეთო მიმოსვლა. 

საჰაერო და სახმელეთო კორიდორის ყველასთვის თანაბრად გახსნა საქართველოსთვის უაღრესად წამგებიანია, რადგან ქვეყნის ომში ჩათრევის ალბათობას ყველაზე მეტად ზრდის. რაც მეტად იყენებენ მებრძოლი მხარეები საქართველოს ტერიტორიას სამხედრო მიზნებისთვის, მით მეტია ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის საფრთხე. 

ხმელეთის ჩაკეტვა და მხოლოდ საჰაერო გადაფრენების დაშვება ომში ჩართულ მხარეებთან მუდმივი დაძაბულობის კერას ტოვებს და მნიშვნელოვნად ზრდის რისკს, რომ ჩვენი მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

საჰაერო მიმოსვლის ჩაკეტვის და სახმელეთო მიმოსვლის დაშვების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიას პოტენციური თავდასხმის სამიზნედ ვაქცევთ. მაგალითად, თუ ომში ჩასართავად საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკა ან კოლონა გადის, მოწინააღმდეგე მხარეს აქვს მოტივაცია ტრანზიტის დროს მისი შეფერხება ან განადგურება მოახდინოს. ამასთან, საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა გზით ვახდენთ ამ აკრძალვის შესრულებაზე კონტროლს.

ასევე, აუცილებელია დაზუსტდეს რა ტიპის ტვირთზე ვაწესებთ შეზღუდვას. სამხედრო დანიშნულების მქონე ტვირთთან ერთად, შედის თუ არა აკრძალვაში მეორადი დანიშნულების ტვირთი? მაგალითად, მიმდინარე კვირაში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდაში საქართველო-სომხეთის საზღვართან ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა, რომელსაც სომხეთში სურსათის, მედიკამენტების და საბურავებით დატვირთული მანქანების გაგზავნა სურდა. მედიკამენტები და საბურავები საქართველოდან საზღვარზე არ გაატარეს. ეს შემთხვევაც გვაჩვენებს, რომ კანონის არსებობა მეტ სიცხადეს გააჩენს. ამასთან, მნიშვნელოვანია თუ რა პოლიტიკას შევიმუშავებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მაცხოვრებლების მიმართ, თუ ისინი მოხალისეების რაზმების ორგანიზებით ან სხვა აქტივობებით გადაწყვეტენ ომში ჩართვას?

არსებულ მოცემულობაში, საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის შენარჩუნების ყველაზე უსაფრთხო გზა საჰაერო და სახმელეთო გზით იარაღის და შეიარაღებული ძალების გატარების სრული აკრძალვაა. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ცხადი პოლიტიკა არსებობდეს თუ როგორ ვახდენთ ამ აკრძალვის პრაქტიკაში განხორციელებას. რას ვაკეთებთ თუ რუსეთი უგულვებელყოფს კანონს და ჩვენ საჰაერო სივრცეს არღვევს? როგორ ვაკონტროლებთ ტვირთბრუნვას და რა ტიპის საქონელზე ვაწესებთ აკრძალვას და სხვა.

ამასთან, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ფორმალური ნეიტრალიტეტი არ შეცვლის საქართველოს პოზიციას სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რადგან კონფლიქტში ჩაურევლობა არ მოითხოვს ამ საკითხის გადახედვას. საქართველო ღიად უჭერს მხარს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს მოცემულობა ნეიტრალიტეტის პირობებშიც გარანტირებული იქნება. 

ბოლოს, პოლიტიკის წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელია დასავლელი პარტნიორებისგან დასტურის მიღება, რომ ისინი საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულების გარანტად გამოვლენ. ნეიტრალიტეტის წინააღმდეგ გამოთქმული ყველაზე ძლიერი არგუმენტი მისი შენარჩუნების სირთულეს უკავშირდება. როგორც ჩვენ რეგიონში ხშირად ხდება ხოლმე, ძალა აღმართს ხნავს და დეკლარაციები რუსეთის სამხედრო ტექნიკას არ აჩერებს. 

აუცილებელია აქტიური მუშაობა პარტნიორებთან, რათა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების შემთხვევაში საქართველოს ჩაურევლობას საერთაშორისო გარანტიები ჰქონდეს. სამხრეთ კავკასიის რეგიონში არასტაბილურობა პრობლემას უქმნის ევროპის უსაფრთხოებას, კიდევ უფრო ზრდის რუსეთის გავლენას რეგიონში და უკიდურესად მოწყვლადს ხდის საქართველოს დემოკრატიული წინსვლის შესაძლებლობას. მოცემულ კონფლიქტში საქართველოს ნეიტრალიტეტის მხარდაჭერით დასავლეთი წინ აღუდგება ომის ნეგატიური ეფექტის მასშტაბის გაფართოებას, რუსეთის წნეხის გაძლიერებას და ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. 

ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირებაში მხარედ არ უნდა გადავიქცეთ. ეს ბუნებრივია არ გულისხმობს არც მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და არც ჩვენ საგარეო მისწრაფებებზე, განსაკუთრებით ნატოს წევრობაზე უარის თქმას. მოცემული კანონის მიღებით მხოლოდ ვაძლიერებთ იმ პოზიციას, რაც ამ კონფლიქტთან მიმართებაში უკვე გვაქვს.

კომენტარები