განათლების სამინისტრო

პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ.

სამინისტროს ცნობით, ახალგაზრდები პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები.

სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, კონკრეტული საქმის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.

"აღნიშნული სიახლე დადებითად აისახება პროფესიული განათლების სისტემაზე, ვინაიდან ის გახდება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი. სურვილის მიუხედავად, ბევრი ვაჟი ვერ ახერხებდა განათლების მიღებას იმ მიზეზით, რომ პროფესიულ სასწავლებელში სწავლის პერიოდში იღებდა გაწვევას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად სწავლის შეწყეტა უხდებოდა. პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება არ ეხებათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უკვე ისარგებლეს იგივე პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში". – აცხადებს მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი. 

სამინისტროს ცნობით, კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.

კომენტარები