კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: კოვიდინფიცირებულებიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ინტერპრესნიუსი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევიდან 225 აჭარაში გამოვლინდა, 22 – იმერეთში, 35 – თბილისში, 18 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9 – შიდა ქართლში, 3 – სამცხე-ჯავახეთში, გურია და ქვემო ქართლში კი თითო-თითო. 

ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში 3542 აქტიური შემთხვევიდან, 25 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 23 კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

რაც შეეხება, ინფექციურ საავადმყოფოს, ენდელაძის თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის, 28 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ორი რეანიმაციაშია მოთავსებული, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, დანარჩენის კი საშუალო. 

სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 2 324 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 33 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები