ახალი კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: პირი, რომელსაც მეთორმეტე დღეს სიმპტომი არ აღენიშნება, გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, პირი, რომელსაც ტესტირების ჩატარებიდან მეთორმეტე დღეს სიმპტომები არ ექნება, გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან უკვე გაუვიდა მეთორმეტე დღე და მას სიმპტომი არ აღენიშნება, ჩაითვლება, როგორც გამოჯანმრთელებული და მას შეუძლია, დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე". – თქვა გაბუნიამ.

რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოში, გაბუნიას თქმით, მათთვის მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის 13 დღე - 10 დღე სიმპტომების პერიოდი, 3 დღე კი უსიმპტომო პერიოდი.

"შესაძლოა, საჭირო იყოს კლინიკური გადაწყვეტილების მიღება, თუ რამდენად მზად არის პაციენტი ჩვეულ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, თუმცა, ეპიდემიოლოგიური რისკების თვალსაზრისით, ასეთი პაციენტები მე-14, მე-15 დღიდან, თუ 3 დღე არის სიმპტომებისგან თავისუფალი, ითვლება, რომ არ წარმოადგენს რისკს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით". – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან 148 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. გარდაცვლილებიდან 2 აჭარაში მკურნალობდა, ერთი – თბილისში.

სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 2 054 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები