კორონავირუსი აჭარაში

გაბუნია: აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვაზე საუბარი ზეგიდან იქნება

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვაზე საუბარი ზეგიდან, 26 სექტემბრიდან, იქნება. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს იქნება გარკვეული დისკომფორტის გამომწვევი, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ დიდი ხანი არ დაგვჭირდება ამ შეზღუდვის გამოყენება, რადგან ახლა ვართ ეტაპზე, როდესაც ეპიდემია, პრაქტიკულად, მიდის სტაბილიზაციისკენ. ეს დამხმარე ზომა მობილობის შეზღუდვისთვის იქნება გადამწყვეტი მოკლე ხანებში ეპიდემიის სტაბილიზაციისთვის." - თქვა თამარ გაბუნიამ. 

დღეს, 24 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 22:00 საათიდან აჭარაში რესტორნები ვეღარ იმუშავებენ, ასევე, მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქედან 164 შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები