კორონავირუსი აჭარაში

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, ტრავმატოლოგი, კორონავირუსით გარდაიცვალა

AFP - Getty Images

ბათუმის რესპუბლიკურ საავადყოფოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ექიმი გარდაიცვალა. როგორც ტაბულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, გარდაცვლილი კლინიკის მოქმედი ტრავმატოლოგი იყო და მას კოვიდმიმღებ ცენტრთან არ ჰქონდა კავშირი.

ექიმი კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 2 დღის წინ მოათავსეს, მას თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.

აჭარაში სამედიცინო პერსონალის ახალი კორონავირუსით გარდაცვალების მეშვიდე შემთხვევაა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გარდაიცვალა 6 მოქმედი ექიმი და 1 ექთანი.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 734 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 895 პაციენტი.

9 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 174 282  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 145 287 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 614 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები