კორონავირუსი საქართველოში

გადაიდება თუ არა სწავლა კიდევ ერთხელ - მინისტრის მოადგილის პასუხი

ჯანდაცვის სამინისტრო

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა სწავლა კიდევ გადაიდოს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ზუსტი პასუხი არ აქვს.

"სასწავლო პროცესი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, ამიტომ უნდა დაველოდოთ, ბათუმში განსაკუთრებით, როგორ განვითარდება მოვლენები და ამის მიხედვით იქნება შემდეგ უკვე საბოლოო გადაწყვეტილება. ჯერჯერობით, ის გადაწყვეტილება, რაც დაანონსდა, ძალაში რჩება" - ამბობს თამარ გაბუნია.

საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო, დიდ ქალაქებში პირველ ოქტომბრამდე გადაიდო და სწავლა დისტანციურად განახლდა. 

22 სექტემბერს კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ თუ ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა რიცხვს 200-ის ფარგლებში ვერ "დაიჭერენ", სავარაუდოდ, შესაბამისი სტრუქტურები და განათლების სამინისტრო განიხილავენ, კიდევ ორი კვირით სწავლის გადადებას.

"თუმცა, მე სუბიექტურად მგონია, რომ ეს საჭირო არ გახდება, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე ჯერ არ ყოფილა" - ამბობს ცერცვაძე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 227 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, გარდაიცვალა 2 ადამიანი. ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში გამოვლინდა, 34 - თბილისში.

კორონავირუსის გავრცელების გამო, მარტიდან საქართველოში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გადავიდა.

კომენტარები