ნავალნის მოწამვლა

პუტინი მაკრონს: შესაძლოა, ნავალნიმ თავი მოიწამლა - Le Monde

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, უთხრა, რომ შესაძლოა, ალექსეი ნავალნის, გაურკვეველი მიზეზით, თავად მიეღო ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავი.

ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ფრანგულ გაზეთზე Le Monde-ზე დაყრდნობით ავრცელებს. თუ რა წყაროს ეყრდნობა გაზეთი - არ არის დაკონკრეტებული.

მაკრონმა მასთან საუბრისას უარყო ბრალდება, რომ ნავალნის შესაძლოა თავი მოეწამლა. 

Le Monde-ს მიხედვით, საუბრისას პუტინმა ნავალნი "ინტერნეტში ჩვეულებრივ პრობლემების შემქმნელად" მოიხსენია, მის ანტიკორუფციულ სააგენტოზე კი თქვა, რომ იქ პარლამენტარებს და მაღალჩინოსნებს აშანტაჟებენ. 

მისივე თქმით, ნოვიჩოკს ნაკლებად რთული შემადგენლობა აქვს, იმასთან შედარებით რაც ადრე იყო ნათქვამი. მან მაკრონს შესთავაზა რომ ნავალნის საქმე ლატვიასთან ერთად გაერკვიათ, სადაც მისი თქმით, ნოვიჩოკის ერთერთი შემქმნელი ცხოვრობს. მაკრონმა ესეც უარყო. 

მაკრონმა პუტინს უთხრა, რომ ფრანგი ექსპერტების შეფასებითაც, ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით არის მოწამლული.

როგორც ფრანგული გაზეთი წერს, საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით 14 სექტემბერს შედგა. 

ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე გახდა. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა, დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში "ნოვიჩოკის" ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

17 სექტემბერს ნავალნის გუნდში თქვეს, რომ ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი", რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

რა არის ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი", რომლითაც ნავალნი მოწამლეს, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები