კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ბრიტანეთში ზოგი შეზღუდვა ბრუნდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ზოგიერთი შეზღუდვის დაბრუნების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

როგორც Sky News-ს მაიკლ გოუვმა განუცხადა, შეზღუდვები მოიცავს რესტორნების და ლუდხანების დაკეტვას საღამოს 10 საათზე და ასევე მოწოდებას მათთვის, ვისაც სახლიდან მუშაობა შეუძლია, რომ ოფისებში და დასაქმების სხვა ადგილებში არ იარონ. ამით მთავრობას იმედი აქვს, რომ სოციალური შეხვედრები შემცირდება, რაც ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას შეუშლის ხელს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა ვადით ბრუნდება შეზღუდვები.

შეზღუდვების დაბრუნებას წინ უძღოდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის სამეცნიერო და სამედიცინო მრჩევლების განცხადება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ყოველ კვირას ინფიცირებულთა რაოდენობა ორმაგდება და თუ მთავრობა ზომებს არ მიიღებს ოქტომბერში დღეში 49 000 ახალ შემთხვევას მიაღწევს.

მხოლოდ გუშინ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაავადების 4 300 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბრიტანეთში მკაცრი შეზღუდვები მარტში დაწესდა, თუმცა ივნისში, დაავადების შემთხვევების შემცირებასთან ერთად შემსუბუქდა.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ახალი კორონავირუსი სულ 398 625 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 41 788.

კომენტარები