ევროპული საქართველო

კაპანაძე: ევროპული საქართველო უწყებათაშორისი კომისიის სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ პარტია უწყებათაშორისი კომისიის სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.  

კაპანაძის თქმით, კომისიის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი პრობლემების მოგვარებით, რეალურად, არასდროს ყოფილა დაინტერესებული და "ჩვენ ამ ღვარძლიანი ადამიანის შოუში მონაწილეობას არ ვაპირებთ." 

"ეს არის ის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ქართული ოცნების ერთ-ერთი გამორჩეული და ღვარძლიანი სახე, ქალბატონი წულუკიანი, რომელიც ამ კომისიას, ისევე, როგორც ყველაფერ დანარჩენს, იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, ის ვერასდროს მალავს თავის ზიზღს განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ იყენებს ის თავის პოზიციას ბოროტად მის უწყებაში საჯარო მოხელეებთან მიმართებით. კარგად ვიცით, რამდენჯერ გაათავისუფლა განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო თანამშრომლები, როგორ დევნიან მათ. 

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანი ხელმძღვანელობს უწყებას. წინა გამოცდილების გათვალისწინებითაც ქალბატონი წულუკიანი არცერთხელ არ ყოფილა დაინტერესებული, რომ რაიმე პრობლემა მოგვარებულიყო. ჩვენ ამ ღვარძლიანი ადამიანის შოუში მონაწილეობას არ ვაპირებთ. შეუძლია, შეიკრიბოს თავის თანამზრახველებთან, თანამოაზრეებთან ერთად და იმსჯელოს". - ამბობს სერგი კაპანაძე.

კომენტარები