არჩევნები 2020

ვაშაძე სააკაშვილზე: ძალიან ვწუხვარ, რომ მიშას მთლიანად აერია თავგზა

ეს არის ცრუ დილემა, რომელიც გუშინ ბატონმა სააკაშვილმა წამოაყენა. ძალიან ვწუხვარ, რომ მიშას მთლიანად აერია თავგზა, სამწუხაროა ეს. პირდაპირ ვამბობ, ნაციონალური მოძრაობის მცდელობა, რომ მეტი მანდატი მოიპოვოს პარლამენტში უბრალოდ იმით, რომ დაასუსტოს სხვა ოპოზიციური ძალები, არის უსუსტესი მცდელობა და ეს არ გაუვათ, იმიტომ, რომ საქართველო არჩევანს აკეთებს წარსულსა და მომავალს შორის. სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობის აბსოლუტური უმრავლესობა ებღაუჭება წარსულს და წარსულის დიდებით უბრალოდ ამოცანა აქვთ, რომ როგორმე მეტი მანდატი აიღონ და შეინარჩუნონ მთავარი ოპოზიციური ძალის ფუნქცია საქართველოში. 

ჩვენი ამოცანა კი არის აბსოლუტურად განსხვავებული - დავამარცხოთ დამსხვრეული ოცნებების ივანიშვილის პარტია, შევქმნათ კოალიციური მმართველობა და დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი. 

ამაშია განსხვავება ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს, ჩვენს გუნდსა და ნაციონალური მოძრაობის გუნდს შორის. ძალიან ვწუხვარ, რომ მათ ასეთი მცდარი სტრატეგია აირჩიეს, ძალიან ვწუხვარ, რომ ესენი ასრულებენ საერთო ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელის ფუნქციას. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც პარტიულ კოალიციას "ვერ ხედავს". ექსპრეზიდენტის აზრით, "ამ არჩევნებზე ან აიღებს უმრავლესობას ნაციონალური მოძრაობა, ან საქართველო დაიღუპება".

კომენტარები