არჩევნები 2020

მიტროპოლიტი იოანე: ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობაა, რომ პატივი მივაგო ხელისუფლებას

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ქართული ოცნების პარტიულ, წინასაარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი მოქალაქეობრივი მოვალეობაა, პატივი მიაგოს ხელისუფლებას. მისი თქმით, "დასწრება არ ნიშნავს მონაწილეობას".

"დასწრება არ ნიშნავს მონაწილეობას. თქვენი კოლეგები უხვად ესწრებიან, მაგრამ არ მონაწილეობენ და მე რომ ვესწრები, რატომ მითვლით მონაწილეობად, ვერ გავიგე. ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობაა, რომ პატივი მივაგო ხელისუფლებას.

პრემიერმინისტრი პირველი პირია ქვეყნის, ჩამოვიდა ეპარქიაში, მე არ ვეკითხები რისთვის. ვიკითხე, რომ ეს შეხვედრა მასთან შესაძლებელია თუ არაო, რასაკვირველია. პატივი მივაგე და შევხვდი". – ამბობს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ფორმულასთან საუბარში.

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებს აქამდე საქართველოს ეკლესიის მრავალი მღვდელმთავარი დაესწრო. ბოლო დღეების განმავლობაში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე დაესწრო ქართული ოცნების წინასაარჩევნო ღონისძიებას ქუთაისსა და წყალტუბოში.

მიტროპოლიტი ჟურნალისტების კითხვას, წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე დასწრების შესახებ, პასუხობს, რომ ის არ არის ადამიანი, რომელსაც ჭკუა უნდა ასწავლონ, ღონისძიებაზე კი მისი მხარდაჭერის ან სიტყვით გამოსვლა არ ყოფილა.

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ხშირ დასწრებას პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, მოწვევა ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებზე სასულიერო პირებს ისევე აქვთ, როგორც ექიმებს, პედაგოგებს და "ჩვენი საზოგადოების თავისუფალ წევრებს".

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებზე ეკლესიის მრავალი მღვდელმთავრის დასწრებას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც გამოეხმაურაISFED აცხადებს, რომ "მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ ქართული ოცნების მხარდაჭერის განცდას ქმნის".

ორგანიზაცია სასულიერო პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

კომენტარები