ნავალნის მოწამვლა

ბორელი ნავალნის მოწამვლაზე: ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ამ მკვლელობის მცდელობას

ჯოზეფ ბორელი
European Interest

"ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ამ მკვლელობის მცდელობას. ეს არის სიტყვები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ. არსებობს ეჭვგარაშე მტკიცებულება, რომ ბატონი ნავალნის მოკვლის მცდელობისთვის "ნოვიჩოკის" ჯგუფიდან ნერვული აგენტი გამოიყენეს". – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში და  ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა.

ბორელის განცხადებით, ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერ ადამიანის მიერ, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ გარემოებებში საერთაშორისო ნორმებისა და ადამიანის უფლებების სტანდარტების სერიოზული დარღვევაა. 

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის მთავრობას სრული თანამშრომლობისკენ "გამოძიებასთან და კერძოდ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან".

ამჟამად ნავალნი გერმანიის საავამდყოფოში პოლიციის დაცვის ქვეშ რჩება. გერმანელ პროკურორთან თავის საუბარში მან უარი განაცხადა რუსეთის მოთხოვნაზე, ნავალნის მოწამვლის საქმეზე ჩატარებულიყო გერმანიისა და რუსეთის საერთო გამოძიება.

ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე ცოტა ხნით ადრე გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნის ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლა შვედეთის და საფრანგეთის დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმაც დაადასტურეს.

ალექსეი ნავალნი მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უკვე მოხსნეს. 10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი სრულად მოვიდა გონზე. ნავალნი ხელოვნური კომის მდგომარეობიდან გერმანელმა ექიმებმა 7 სექტემბერს გამოიყვანეს.

15 სექტემბერს ნავალნიმ instagram-ზე პირველი პოსტი გამოაქვეყნა - "გამარჯობა, ეს ნავალნია, მენატრებით. მე ჯერ კიდევ არაფერი არ ვიცი, მაგრამ აი, გუშინ მთელი დღე ჩემით ვსუნთქავდი, სხვისი დახმარების გარეშე, ყელში ჩადგმული სასუნთქი მილიც არ გამომიყენებია. ძალიან მომეწონა, საოცარი და ბევრისგან დაუფასებელი პროცესია, რეკომენდაციას ვუწევ". 

ალექსეი ნავალნი კომაში 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდა. თავდაპირველად მას რუსი ექიმები ომსკის საავადმყოფოში მკურნალობდნენ. ორი დღის შემდეგ ოჯახისა და მეგობრების მოთხოვნით, იგი ბერლინში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით მოწამლეს. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა ნოვიჩოკის ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. ნერვული აგენტი ნოვიჩოკი რუსული წარმოშობისაა. ამავე ნერული აგენტთ მოწამლეს სერგეი და იულია სკრიპალებიც.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სავსებით შესაძლებელია, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლა რუსი მაღალჩინოსნების მიერ ყოფილიყო დაკვეთილი. ნატომ რუსეთს მოუწოდა, სრული ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს ნერვული აგენტის ნოვიჩოკის პროგრამის შესახებ და გამოიძიოს მომხდარი. ნავალნის მოწამვლა დაგმეს ევროკავშირის და დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა.

რუსეთი ნავალნის ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის ფაქტს უარყოფს.

ნოვიჩოკის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში- "კრემლის პრობლემების საბჭოთა წამალი - რა არის "ნოვიჩოკი"?

კომენტარები