ახალი კორონავირუსი საქართველოში

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ვერ ხდება და აზრიც დაკარგა ინფექციის წყაროს იდენტიფიცირებამ

იმედი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის თქმით, რეგიონში ვერ ხდება და უკვე აზრიც დაკარგა დაინფიცირებული პირების წყაროს კვლევამ და იდენტიფიცირებამ, ვინაიდან შემთხვევები უკვე გაფანტულია.

"დღეს ყველაზე მეტი შემთხვევები დაფიქსირდა, სულ – 108. შეიძლება ითქვას, რომ ვერ ხდება და უკვე აზრიც დაკარგა ინფექციის წყაროს იდენტიფიცირებამ, ვინაიდან პრაქტიკულად ქალაქში შემთხვევები უკვე გაფანტულია.

დაძაბული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაქვს, ნაკლებად ვიტყვი, რომ არის რამე უკონტროლობა და პანიკის საფუძველი". – აღნიშნავს ნინო ნიჟარაძე.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის თქმით, აჭარაში "კლასტერული ხედვა აღარ არის, იმიტომ, რომ არის გავრცელება საზოგადოების ყველა ფენაში".

შავიშვილის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მისივე ცნობით, ამ დროისთვის ჰოსპიტალებში 238 პაციენტია. საკარანტინო სივრცეში კი 97 უსიმპტომო პაციენტი რჩება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, გასული დღე-ღამის განმავლობაში 165 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 392 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 370 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები