ახალი კორონავირუსი საქართველოში

გურიაში 4 პედაგოგს COVID-19 დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას ცნობით, გურიაში 4 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისივე ცნობით, ორი მათგანი სოფელ ქვედა ბახვიდანაა და მათი ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, ქორწილია. 

"კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა სოფელ ქვედა ბახვში. ინფიცირებულები იმ ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან, რამდენიმე დღის წინ ბათუმში რომ გაიმართა.

კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა ჩოხატაურში. ქვედა ბახვის მსგავსად, ინფიცირებულები იქაც პედაგოგები არიან. ეპიდემიოლოგები კონტაქტების დადგენას იწყებენ". – თქვა არჩილ მჟავიამ, პირველი არხის ცნობით.

13 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი.

სულ ქვეყანაში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 2 227 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 369 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები