გიორგი შაქარაშვილის საქმე

შსს: ზ.ხ.-ს მამა მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების გამო დავაკავეთ

მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის, არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა მუქარის, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დააკავეს. 

ამის შესახებ განცხადება გაკეთდა შსს-ს მიერ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.ხ.-ს მამამ, საქმეში არსებული მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და დანაშაულში ბრალდებულთათვის მოსალოდნელი
სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, დანაშაული წინასწარ დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა.

ბრალდებული დაუკავშირდა მეგობარს, რომელსაც დაავალა რეგისტრაციის გარეშე, ორი მობილური ტელეფონის და სიმ ბარათის შეძენა, ასევე, გურამ ამირხანაშვილის სახლთან მისვლა და წინასწარ შეთანხმებული ტექსტებით აღნიშნულ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

"ბრალდებულის მეგობარი მივიდა ვაზისუბანში, გიორგი შაქარაშვილის საქმის
მოწმის - გურამ ამირხანაშვილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, მისივე ნაყიდი ერთ-ერთი მობილური ტელეფონის საშუალებით გააგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება მეორე ტელეფონზე, რომელიც უკვე არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამას ჰქონდა. აღსანიშნავია
ისიც, რომ ამ დროს ბრალდებული წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და მიზანმიმართულად, აღნიშნული ადგილებიდან ახორციელებდა მოკლე ტექსტური
შეტყობინებების მიღებას და გაგზავნას". - ნათქვამია შსს-ს მიერ გაკეთებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ზ.ხ.-ს მამამ შექმნა ფალსიფიცირებული მტკიცებულება, თითქოს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს, საქმის ერთ-ერთ მოწმესთან - გურამ ამირხანაშვილთან, სპეციალურად მისთვის
განკუთვნილი მობილური ტელეფონით ჰქონდათ კავშირი.

მათივე ცნობით, ბრალდებულმა აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა. ასევე უწყების განცხადებით, დაკავებული ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოწმეებს: გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძეს, ასევე, გიორგი შაქარაშვილის ბიძას - მირიან ნიკოლაძეს. 

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, არასწრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა დღეს, 11 სექტემბერს დააკავეს

კომენტარები