არჩევნები 2020

"ტერორიზმი როგორც პოეზია" - ამ წერილის ავტორი ოცნების ოცეულშია

ბექა დავითულიანი

დღეს ქართულმა ოცნებამ პროპორციული საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. პარტიის სიაში რამდენიმე ახალი სახეა, მათი უმეტესობა სიის მეორე ნახევარში განთავსდა, თუმცა არიან უკვე პოლიტიკური გამოცდილების მქონე პერსონებიც. მათ შორის ერთ-ერთი ბექა დავითულიანია, რომელიც ამჟამადაც თბილისის საკრებულოს დეპუტატია. 

ბექა დავითულიანი აქტიურ პოლიტიკაში წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, 2016 წელს ჩაერთო, თუმცა მანამდე ონლაინმედიის მკითხველებმა იგი წერილით გაიცნეს. "ტერორიზმი, როგორც პოეზია", - ამ სათაურით წერილი, დავითულიანმა 2016 წლის 23 მარტს გამოაქვეყნა. 

ამ პერიოდში მსოფლიოში ტერორისტული აქტების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, რაც უმთავრესად სირიასა და ერაყში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" უკავშირდებოდა. 2016 წლის მარტში ევროპაში რამდენიმე მსხვილი ტერაქტი განხორციელდა, მათ შორის 13 მარტს აფეთქდა სტამბოლის აეროპორტის ერთ-ერთი ტერმინალი, რასაც 37 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტში აფეთქების შედეგად 35 ადამიანი გარდაიცვალა. 

თავის წერილში დავითულიანი ცდილობდა, აეხსნა თვითმკვლელი ტერორისტების ქცევა და გამოეკვეთა ამგვარი დესტრუქციული ქცევის მიზეზები. თვითმკვლელი ტერორისტების ამგვარი ქცევის მიზეზად დავითულიანი თანამედროვე ადამიანის მომხმარებლურ ბუნებასა და სულიერების, პოეზიისგან დაცლას ასახელებდა. 

"უპრიანი იქნება, თუ ტერორიზმსაც არა რელიგიურ ან ანგარებით ჩადენილ დანაშაულად, არამედ სწორედ ამგვარი ყოფის შიშით განპირობებულ ისტერიულ-თვითდესტრუქციულ რეაქციად განვიხილავთ. რელიგიური ფანატიზმი უბრალოდ ამ პროტესტის გამოხატვის შედარებით ხელსაყრელი საშუალებაა და არა რეალური მიზეზი".- წერდა დავითულიანი.

ამავდროულად იგი ამგვარი ტერორიზმის მამოძრავებელ ფაქტორად ადამიანური ცივილიზაციის ბუნებას ასახელებდა. "ტერორიზმი - ეს ცივილიზაციისგან დათრგუნული პირველყოფილი ვნებების ცხოველური ამოხეთქვაა. ცინიკური ცივილიზაციის მიერ არმიღებული, გამხეცებული ადამიანის სასოწარკვეთა."

ბექა დავითულიანმა საზოგადოებას თავი საკრებულოდანაც დაამახსოვრა, როდესაც მხარი დაუჭირა საკუთარ ოთხ თანაგუნდელს, რომლებმაც ჯგუფურად სცემეს ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს. "მირჩევნია, დამარტყან, ვიდრე მაგინონ". - თქვა მაშინ დავითულიანმა, თავისი თანაგუნდელების ქცევის გასამართლებლად. 

დავითულიანმა საინტერესო პოზიცია დაიჭირა მინსკში ჩატარებულ თბილისობასთან დაკავშირებითაც. მაშინ დედაქალაქს მინსკში თბილისობის ღონისძიების ჩატარება ბიუჯეტიდან 100 ათას ლარზე მეტი დაუჯდა, "არათუ სწორია, რომ ვიყავით, არამედ ყოველ წელს უნდა წავიდეთ". - განაცხადა მაშინ დავითულიანმა.

ბექა დავითულიანი ქართული ოცნების პროპორციული სიის მეოცე ნომერია.

კომენტარები