არჩევნები 2020

მიქაუტაძე თელასში 25%-იანი წილის გაყიდვაზე: ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე გაანიავა ხალხის ქონება

ლელო

“ლელოს” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგლა მიქაუტაძე მთავრობის მიერ თელასში 25%- იანი წილის გაყიდვას გამოეხმაურა. როგორც მიქაუტაძემ ბრიფინგზე თქვა, "საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ კიდევ ერთხელ გაანიავა ქართველი ხალხის ქონება". 

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ერთი წლის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომელსაც მთავრობა უარყოფდა, დადასტურდა და დღეს სახელმწიფო აქტივი კონკურენციის გარეშე გასხვისდა.

"დაბალი იყო საწყისი ფასი - დაახლოებით 10 მილიონ დოლარი, მაშინ, როდესაც თელასის 75% 1998 წელს გაიყიდა 25 მილიონ დოლარად. მას შემდეგ კომპანიაში განხორციელდა დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიცია. დღეს ამ პირობებში სახელმწიფო ამბობს, რომ ის 25%-იანი წილი, რომელიც დარჩა ქვეყანას, მხოლოდ 10 მილიონი დოლარი ღირს. ეს ცალსახად არის კორუფციული და საეჭვო და ჩვენ ამას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ". – თქვა მიქაუტაძემ და მთავრობას რამდენიმე კითხვით მიმართა, კონკრეტულად კი, გახარიასგან ელოდება პასუხს, რატომ გახდა აუცილებელი სასწრაფოდ თელასში სახელმწიფო წილის გაყიდვა და რატომ ასეთ დაბალ ფასად. ის მოითხოვს, გასაჯაროვდეს აუდიტორული დასკვნა და ყველა იმ კომპანიის სია, რომელიც სახელმწიფომ აუქციონში მოიწვია, თუ ასეთი არსებობს ბუნებაში. 

გიგლა მიქაუტაძემ მიმართა ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომ შეაჩერონ მიმდინარე პროცესი, შეისწავლონ კარგად და დასვან იგივე კითხვები, რასაც სვამს ლელო და სანამ არ მიიღებენ პასუხებს, ტანზაქცია არ ჩათვალონ შესრულებულად. 

"მე მინდა გითხრათ, რომ ლელოს “მარშალის გეგმის” მიხედვით, სახელმწიფო კომპანიები განკერძოვდება გამჭვირვალე გზით. ჩვენ დავამკვიდრებთ ახალ სტანდარტს, როდესაც სახელმწიფო ქონება გასხვისდება მხოლოდ საფონდო ბირჟის საშუალებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, მცირე წილი მაინც შეიძინოს სახელმწიფო ქონებიდან. ამით დავასრულებთ სახელმწიფო ქონების მიტაცება-განიავების მანკიერ ტრადიციას საქართველოში". – აცხადებს მიქაუტაძე. 

კომენტარები