ავღანეთი

ქაბულში ავღანეთის ვიცეპრეზიდენტს თავს დაესხნენ, დაიღუპა 4 ადამიანი

Reuters

ქაბულში გზის პირას აფეთქება მოხდა. თავდასხმის სამიზნე ავღანეთის ვიცეპრეზიდენტი, ამრულა სალეჰი იყო. ვიცეპრეზიდენტი არ დაშავებულა. თუმცა აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 20-მდე ადამიანი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. 

"დღეს ავღანეთის მტრებმა კიდევ ერთხელ სცადეს სალეჰზე თავდასხმა, მაგრამ მათი ბოროტი მიზანი წარუმატებელი აღმოჩნდა და სალეჰი თავდასხმას გადაურჩა". – დაწერა ვიცეპრეზიდენტის სპიკერმა, რაზვან მურადმა Facebook-ზე.

რაზვან მურადმა პრესას განუცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე ვიცეპრეზიდენტის თანხმლები დაცვა გახდა. სალეჰის დაცვის რამდენიმე წევრი დაშავებულია.

ამრულა სალეჰი, რომელიც ვიცეპრეზიდენტობამდე სადაზვერვო სამსახურს ხელმძღვანელობდა, თავდასხმების მსხვერპლი რამდენჯერმე გამხდარა. გასულ წელს მის ოფისზე მომხდარ თავდასხმაში 20 ადამიანი დაიღუპა.

მთავრობის წევრებმა და დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანაში ძალადობის გახშირება თალიბანის მიმართ უნდობლობას აძლიერებს, რაც საზიანო შეიძლება იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის თალიბანსა და ავღანეთის ხელისუფლებას შორის. მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის კატარის დედაქალაქ დოჰაში უნდა დაიწყოს.

მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა თალიბანი მებრძოლების პატიმრობიდან გათავისუფლება იყო. პატიმრების გათავისუფლების პროცესი დაწყებულია და ავღანეთის მთავრობაში ამბობენ, რომ პატიმრების გათავისუფლების პროცესი გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ კატარში მოლაპარაკებები დაიწყება.

ავღანეთში მიმდინარე მოლაპარაკებები თალიბანის პატიმრების გათავისუფლებაზე უთანხმოების გამო არაერთხელ შეყოვნდა. პატიმრების გათავისუფლება 19-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა იყო. 

წლის დასაწყისში აშშ-მ და თალიბანმა ავღანეთის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების მიხედვით, აშშ-ს ჯარმა ავღანეთი მომდევნო 14 თვის განმავლობაში უნდა დატოვოს. გარიგება ითვალისწინებს ავღანეთში მიმდინარე ომის დასრულებას, ხელმოწერის შემდეგ კი უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები თალიბანსა და ავღანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. თალიბანის 5000 მებრძოლის გათავისუფლება ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი წინაპირობა იყო.

მარტში ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმიმ თალიბანის წევრი 1 500 პატიმრის გათავისუფლების ბრძანება გასცა. სანაცვლოდ თალიბანი დათანხმდა, გაათავისუფლოს მთავრობის 1 000 ტყვედ ჩაგდებული ჯარისკაცი.

კომენტარები