Disney

Disney-ს ამჯერად მულანის ჩინეთში, სინძინაგის რეგიონში გადაღებისთვის აკრიტიკებენ

ჩინელი დისიდენტი ხელოვნის, პატიუცაოს ახალი კარიკატურა - სინძიანგში დატყვევებული ეთნიკური უმცირესობა და მულანი ჩინეთის სამართალდამცავის ჩაფხუტით.
Twitter/Badiucao

Disney-ს მულანის გამო კიდევ ერთხელ აკრიტიკებენ. ამჯერად, ფილმის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ მულანის სცენების ნაწილი გადაღებულია ჩინეთში, სინძიანგის პროვინციაში, სადაც ჩინეთის მთავრობას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში, უმცირესობის ჯგუფების სპეციალურ, საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნაში ადანაშაულებენ. 

ფილმის დასასრულს, ტიტრებში კომპანია მადლობას უხდის ჩინეთის მთავრობის უსაფრთხოების სააგენტოს სინძიანგის პროვინციაში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი, მეტწილად, მუსლიმი უიღურები არიან დატყვევებული. 

აქამდე, მეტწილად აზიის ქვეყნებში ფილმს ბოიკოტს უკვე უცხადებდნენ, რადგან ფილმში მთავარმა გმირმა, მულანის როლის შემსრულებელმა, ჩინელ-ამერიკელმა მსახიობმა, ლიუ იფეიმ, გასულ წელს ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული აქციების დროს დაიცვა და სოლიდარობა გამოუცხადა ჰონგ-კონგის პოლიციას, რომელმაც აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაარბია. 

ამის შემდეგ, 7 აგვისტოს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ Disney- მადლობა გადაუხადა სინძინაგში არაერთ მთავრობის კომპანიას, მათ შორის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროს ქალაქ თურფანში და ჩინეთის კომუნისტური პარტიის სინძგიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის საბჭოს ცნობადობის დეპარტამენტს. 

ჩინეთის ექსპერტმა ადრიან ზენზმა თქვა, რომ საჯარო უსაფრთხოების ბიუროს თურფანში დავალებული აქვს ჩინეთის ბანაკების მართვა, სადაც ეთნიკური უმცირესობაა დატყვევებული.

ცნობილმა ჩინელმა დისიდენტმა ხელოვანმა, პატიუცაომ, ამ სიახლესთან დაკავშირებით ახალი კარიკატურა გამოაქვეყნა. "Disney უიღურების გენოციდის მომხრეა". – წერს ის. კარიკატურაზე სინძიანგში დატყვევებული ეთნიკური უმცირესობა ჩანს, მულანს კი ჩინეთის სამართალდამცავის ჩაფხუტი ახურავს.

--------

2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

აღსანიშნავია, რომ 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიურის წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, სინძიანგში არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებებისთვის :"საუკუნის ლაქას" უწოდებს.

კომენტარები