ტურიზმი

ტიკარაძე: სხვა ქვეყნებთან საზღვრის გახსნა დღის წესრიგში არ დგას, იქ დინამიკა უარესდება

ტაბულა

კითხვაზე, PCR ტესტების დაწესების შემდეგ ხომ არ განიხილება სხვა ქვეყნებთან საზღვრების გახსნა და რეგულარული ფრენების აღდგენა, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს, რომ ეს რეკომენდაცია დღის წესრიგში არ დგას.

მინისტრის მტკიცებით, სხვა ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა უარესდება. 

"ეს რეკომენდაცია არ დგას ჩვენს დღის წესრიგში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვაკვირდებით თუ როგორია დინამიკა სხვა ქვეყნებში, დღესდღეობით რაც იკვეთება, დინამიკა სხვა ქვეყნებში უკეთესი მიმართულებით არ ვითარდება, უარესდება. აქედან გამომდინარე, მსგავსი საკითხები დღესდღეობით დღის წესრიგში არ დგას და არც საკოორდინაციო საბჭოზე არ განხილულა". – თქვა ტიკარაძემ TV იმედის ეთერში.

დღის ქრონიკის წამყვანს ჯანდაცვის მინისტრისთვის არ შეუხსენებია, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საბერძნეთს და პოლონეთს ინფიცირების ბევრად დაბალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე საფრანგეთს და გერმანიას. ამ ბოლო ორ ქვეყანას, ლატვია, ლიტვასთან და ესტონეთთან ერთად, საქართველოს საზღვარი აგვისტოს შემდეგ აქვს გახსნილი და კვირაში ორჯერ რეგულარული ფრენაც სრულდება. მათი მოქალაქეები და მუდმივი რეზიდენტები ქვეყანაში კარანტინის გარეშე შემოდიან, იმავე რეისზე მყოფ საქართველოს მოქალაქეები კი - ვერა. 

გთავაზობთ ინფიცირების ოფიციალურ სტატისტიკას:

  • საფრანგეთი - ბოლო 24 საათში 7071 ახალი შემთხვევა, მილიონ მოსახლეზე 4994 ინფიცირებული (საქართველომ საზღვარი გაუხსნა);
  • გერმანია - ბოლო 24 საათში 990 შემთხვევა, მილიონ მოსახლეზე 3014 ინფიცირებული (საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა);
  • პოლონეთი 497 ახალი შემთხვევა, მილიონ მოსახლეზე 1872 ინფიცირებული (საქართველომ საზღვარი არ გაუხსნა);
  • საბერძნეთი 138 ახალი შემთხვევა, ბოლო 24 საათში 1107 ინფიცირებული (საქართველომ საზღვარი არ გაუხსნა);

პოლონეთს და საბერძნეთს საქართველოსთან საზღვრის უპირობო გახსნის სურვილი ჰქონდათ, თუმცა, ხელისუფლებისგან უარი მიიღეს. მეტიც, სექტემბერში დანიშნული ჩარტერული ფრენები ვარშავის მიმართულებით მხოლოდ ცალმხრივად სრულდება. Lot-ის ავიახაზებს მგზავრების თბილისიდან გაყვანის უფლება აქვს, ვარშავიდან კი, საქართველოში ცარიელი თვითმფრინავი უნდა ჩამოფრინდეს.

კომენტარები