არჩევნები 2020

კაპანაძე სააკაშვილზე: წრეზე სიარული, რომ ერთი კაცის გეგმით უნდა ვიაროთ, არის მოძველებული

"მგონია, რომ საზოგადოებას აქვს სრულიად სხვა მოთხოვნები, ვიდრე საუბარი იმაზე, ერთი კონკრეტული პოლიტიკოსი დაბრუნდება თუ არა და როგორ დაბრუნდება საქართველოში". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე მიხეილ სააკაშვილს ჩამოსვლის გეგმას. 

სერგი კაპანაძის თქმით, დღეს საზოგადოებას სრულიად სხვა მოთხოვნა აქვს და საუბარი იმაზე, რომ კონკრეტული პოლიტიკოსი როდის დაბრუნდება საქართველოში არის ძველ წრეზე ტრიალი. კაპანაძემ აღნიშნა, რომ უნდა დასრულდეს ერთპიროვნული მმართველობა და მთავარი თემა უნდა იყოს ის, თუ როგორ გამოიყვანს კონკრეტული პოლიტიკური ძალა ქვეყანას კრიზისიდან.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნილები არ უნდა იყვნენ საქართველოში და ყველას უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში, თუმცა ეს არ არის მთავარი თემა. საზოგადოებას ეგ კი არ აწუხებს, არამედ ის, რომ არის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, დღეს ადამიანები ცხოვრობენ სიღარიბეში, არის სიღატაკე და მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს 3-4 ლარზე დღეში. წინასაარჩევნოდ ეს ადამიანები უყურებენ იმას, თუ რომელი პოლიტიკური ძალა რას სთავაზობს მას ამის შესაცვლელად და ამრიგად, ამ იგივე წრეზე სიარული, რომ ერთმა კაცმა უნდა მართოს და ერთი კაცის გეგმით უნდა ვიაროთ არის მოძველებული.

ეს წინასაარჩევნო გარემო განსხვავდება ძველი გარემოებისაგან სწორედ ამით, რომ ეს არის იდეების და ხედვის ჭიდილი, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება კი, ისევ და ისევ, ძველ წრეზე ტრიალია. ჩვენ კი გვაქვს ხედვა და გეგმა, თუ როგორ გამოვიდეთ ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან“. – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, 7 სექტემბერს ის დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით მიმართვას გააკეთებს.

დღეს, 7 სექტემბერს გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გააკეთა, რომ ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

კომენტარები