დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

რააბი ნავალნის მოწამვლაზე: რუსეთის მთავრობას სერიოზულ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი

დომინიკ რააბი
REUTERS

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა თქვა, რომ რუსეთს ნავალნის მოწამვლაზე "სერიოზულ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი".

რააბის თქმით, რუსი ოპოზიციონერის მოწამვლაში, სავარაუდოდ, რუსეთის მთავრობა არის ჩართული.

"საკმაოდ რთულია, როდესაც საქმე ეხება დანაშაულის მიკუთვნებას, იფიქრო შესაძლო ახსნაზე, გარდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა, მხოლოდ იმის გამოც, რომ ნოვიჩოკის მოპოვება რთულია. ამიტომ, ახლა ნათელია, რომ რუსეთის მთავრობას სერიოზულ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი". – თქვა რააბმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანელ კოლეგას, ჰეიკო მაას ესაუბრა და თქვა, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან ითანამშრომლებენ, რათა რუსეთს ამ საქმეზე პასუხის გაცემა აიძულონ.

მისი თქმით, ორგანიზაცია გამოძიებას ჩაატარებს, რომელიც დაადგენს, იყო თუ არა საქმეში ჩარეული რუსეთის მთავრობა.

ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამლეს. ის ომსკის საავადმყოფოდან გერმანიაში გადაიყვანეს. სწორედ გერმანიაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად აღმოაჩინეს ოპოზიციონერის სისხლში საწამლავი, რომელიც რუსული წარმოშობისაა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიხსენა ნოვიჩოკით მოწამვლის კიდევ ერთი გახმაურებული შემთხვევა. მაშინ თავდასხმის სამიზნე დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი გახდა.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. ის კვლავ კომაშია. ნავალნის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ის მოწამლეს. რუსი ექიმების განცხადებით, ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ აღმოუჩენიათ, თუმცა ბერლინის კლინიკამ, რომელშიც ნავალნი 20 აგვისტოს გადაიყვანეს, განაცხადა, რომ კლინიკური გამოკვლევის შედეგები პოლიტიკოსის მოწამვლაზე მიუთითებს.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი" რუსული წარმოშობისაა.

გერმანია, საფრანგეთი, აშშ და ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებენ, რომ გამოიძიონ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე და დამნაშავეები დასაჯონ. ნავალნის მოწამვლის გამო გერმანიამ, შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესოს. რუსეთის გენერალური პროკურატურის გამოძიების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში თქვა, რომ თუ რუსეთი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს, გერმანიას მოუწევს გადახედოს Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტს.

კომენტარები