გერმანია-რუსეთი

ჰეიკო მაასი: იმედი მაქვს, რუსები არ გვაიძულებენ პოზიცია შევიცვალოთ Nord Stream 2-ის პროექტზე

Ahvan

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში თქვა, რომ თუ რუსეთი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს, გერმანიას მოუწევს გადახედოს Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტს.

"იმედი მაქვს, რუსები არ გვაიძულებენ პოზიცია შევიცვალოთ Nord Stream 2-ის პროექტზე. თუ მომდევნო დღეებში რუსეთი არ დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა მოხდა, იძულებული ვიქნებით საპასუხო ზომები ჩვენს მოკავშირეებთან ერთად განვიხილოთ". – თქვა მან.

ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამლეს. ის ომსკის საავადმყოფოდან გერმანიაში გადაიყვანეს. სწორედ გერმანიაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად აღმოაჩინეს ოპოზიციონერის სისხლში საწამლავი, რომელიც რუსული წარმოშობისაა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიხსენა ნოვიჩოკით მოწამვლის კიდევ ერთი გახმაურებული შემთხვევა. მაშინ თავდასხმის სამიზნე დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი გახდა.

"მომაკვდინებელი ნივთიერება, რომლითაც ნავალნი მოწამლეს წარსულშიც გვინახავს რუსეთის ხელისუფლების ხელში. მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანებს მიუწვდებათ ხელი ნოვიჩოკზე  და ეს საწამლავი რუსეთის საიდუმლო აგენტებმა ყოფილ ჯაშუშზე, სეგეი სკრიპალზე თავდასხმისასაც გამოიყენეს". - თქვა მან.

მაასი პასუხად Nord Steam 2-ის პროექტთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას არ გამორიცხავს, თუმცა მიაჩნია, რომ სანქციების ეგექტურობისთვის კონკრეტული სამიზნეები უნდა შეარჩიონ და ეს საკითხი ევროკავშირთან ერთად განიხილონ.

მაასის თქმით, არ არის მართებული, მიმდინარე დისკუსია მხოლოდ გაზსადენის მშენებლობის საკითხით შემოიფარგლოს. მაასი ამბობს, რომ Nord Stream-2-ის მშენებლობაში 12 სახელმწიფოა ჩართული და მონაწილეობს 12 კომპანია, რომელთა ნახევარიც გერმანულია. მაასის თქმით, პოლიტიკოსებმა, რომლებიც გაზსადენის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ, კარგად უნდა გაიაზრონ ამ ნაბიჯის შესაძლო შედეგები.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ შეწყვიტოს რუსული გაზსადენის, Nord Stream 2-ის პროექტის მხარდაჭერა.

"კრემლის მაფიოზური სტრუქტურების მიერ მკვლელობის ღია მცდელობას არა მხოლოდ შეშფოთება, არამედ რეალური შედეგები უნდა მოჰყვეს. Nord Steam 2-ის პროექტზე რუსეთთან ერთად მუშაობა აღარ შეიძლება". - განაცხადა გერმანიის მწვანეთა პარტიის თანათავმჯდომარემ, კატრინ გიორინგ-ეკარდტმა.

კრემლი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კვლავ უარყოფს. პუტინის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის დადანაშაულების საფუძველი არ არსებობს.

Nord Stream 2-ის პროექტის შეჩერებას ემხრობიან მერკელის პარტიაშიც. ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნორბერტ რიოტგენმა გერმანულ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ პროექტის დასრულება პუტინის "არაჰუმანურ და დამცინავ პოლიტიკას წაახალისებს".

"ნავალნის მოწამვლის შემდეგ ძლიერი ევროპული პასუხი გვჭირდება. ევროკავშირმა ერთსულოვნად უნდა გადაწყვიტოს Nord Stream 2-ის შეჩერება". – თქვა მან.

Nord Stream 2-ის პროექტი თითქმის დასრულებულია. 1 220 კილომეტრიანი გაზსადენის მხოლოდ 160 კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულებაღა რჩება. პროექტს ეწინააღმდეგებიან აშშაღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

პროექტზე მუშაობა გასული წლის დეკემბრის შემდეგ დროებით შეჩერდა. მიზეზი აშშ-ს მხრიდან სანქციების მუქარის გამო პროექტიდან შვეიცარიული კომპანიის გასვლა გახდა.

გერმანულმა კომპანია Uniper, რომელიც გაზპრომთან და კიდევ 4 პარტნიორ კომპანიასთან ერთად პროექტში რჩება გასულ წელს განაცხადა, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ გაზსადენის მშენებლობა ვერ დასრულდება.

21 ივლისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 2021 წლის სამხედრო ბიუჯეტი, რომელიც ორი რუსული გაზსადენის, Nord Stream 2-ის და Turkstream-ის საწინააღმდეგო სანქციებსაც მოიცავს

გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს უნდა შესულიყო, მაგრამ ამას აშშ-ს მიერ დაწესებულმა სანქციებმა შეუშალა ხელი. გასული წლის ბოლოს აშშ-მ გაზსადენის მშენებლობის ოპერატორებს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, მთავარმა სამშენებლო კომპანიამ, შვეიცარიულმა Allseas-მა პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.

2020 წლის იანვარში გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი სხვისი დახმარების გარეშეც დაასრულებს პროექტს, თუმცა, ამისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო. 

იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ვლადიმირ პუტინმაც. ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს პუტინმა თქვა, რომ რუსეთი გაზსადენის მშენებლობას 2020 წლის ბოლომდე ან 2021 წლის პირველ ნახევარში დაასრულებს. 

გაზსადენის პროექტი ითვალისწინებს ორი ხაზის მშენებლობას, რომლებიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და მისი საერთო სიგრძე 1,224 კილომეტრი იქნება. გაზსადენის სიმძლავრე, რომელიც რუსეთიდან გერმანიის მომარაგებას ითვალისწინებს, წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. ის კვლავ კომაშია. ნავალნის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ის მოწამლეს. რუსი ექიმების განცხადებით, ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ აღმოუჩენიათ, თუმცა ბერლინის კლინიკამ, რომელშიც ნავალნი 20 აგვისტოს გადაიყვანეს, განაცხადა, რომ კლინიკური გამოკვლევის შედეგები პოლიტიკოსის მოწამვლაზე მიუთითებს.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი" რუსული წარმოშობისაა.

გერმანია, საფრანგეთი, აშშ და ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებენ, რომ გამოიძიონ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე და დამნაშავეები დასაჯონ. ნავალნის მოწამვლის გამო გერმანიამ, შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესოს. რუსეთის გენერალური პროკურატურის გამოძიების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები