ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში არჩევნების გადადებას და ახალ კანონს აპროტესტებენ, არიან დაკავებულები

Yahoo

6 სექტემბერს ასობით ჰონგ-კონგელი ქუჩაში გამოვიდა, რათა მთავრობის მიერ საკანონმდებლო საბჭოს არჩევნების გადადება და პეკინის მიერ დაწესებული ეროვნული უშიშროების კანონი გააპროტესტონ.

ჰონგ-კონგის ლიდერმა, კერი ლამმა, არჩევნები, რომელიც 6 სექტემბერს უნდა გამართულიყო, ერთი წლით გადადო და მიზეზად კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევები დაასახელა. 

ქუჩებში ათასობით სამართალდამცავია მობილიზებული. აქციის დასაშლელად პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

"გაათავისუფლე ჰონგ-კონგი". – მომიტინგეები გაიძახიან სხვადასხვა ანტისამთავრობო სლოგანებს. ახალი კანონით მსგავსი სლოგანების გაჟღერება აკრძალულია. 

პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. როგორც ჰონგ-კონგური მედია წერს, დაკავებულია 33 პირი, აქედან ერთი ეროვნული უსაფრთხოების კანონის დარღვევისთვის.

დაკავებულებს შორის არის ყოფილი დეპუტატი, ლეუნგ ქვონ-ჰუნგი და სამოქალაქო ადამიანის უფლებების ფრონტის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ფიგო ჩანი.

7 მილიონიან ჰონგ-კონგში იანვრიდან ამ დრომდე კორონავირუსით დაინფიცირების დაახლოებით 4 800 შემთხვევა დადასტურდა, რაც მსოფლიოს სხვა დიდი ქალაქების რიცხვებთან შედარებით, ბევრად დაბალი მაჩვენებელია. ახალი შემთხვევების მაჩვენებელი დაბალია.

ახალი კანონის მიღების შემდეგ ჰონგ-კონგში მასშტაბური საპროტესტო აქციები შესუსტდა, თუმცა ანტიპეკინური განწყობები უცვლელია. 

ახალი კორონავირუსის გამო ორი ადამიანის შეკრებაა დაშვებული.

ჰონგ-კონგის ოპოზიცია მთავრობას ადანაშაულებს, რომ პანდემიას მიზეზად იყენებს, რათა ხალხმა არჩევნებში მონაწილება არ მიიღოს. არჩევნებში, რომელიც 6 სექტემბერს უნდა გამართულიყო, პეკინის გაზრდილი წნეხის ფონზე, დემოკრატიის მომხრე კანდიდატების უმრავლესობით გამარჯვებას პროგნოზირებდნენ.

-------

ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კანონის დამრღვევებს საჯარო სამსახურებში მუშაობა აეკრძალებათ. პეკინმა ჰონგ-კონგში უშიშროების ოფისი გახსნა, სადაც საკუთარი სამართალდამცავები ჰყავს. ჰონგ-კონგის მმართველს ეროვნული უსაფრთხოების საქმეებზე მოსამართლეების დანიშვნის უფლება ექნება და იუსტიციის მინისტრი გადაწყვეტს, უნდა იყვნენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი გასაჩივრება შეუძლებელი გახდება. ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.
 

კანონების საფუძველზე ჰონგ-კონგის პოლიციას უფლებები გაეზარდა, მათ შორის, შეეძლებათ რეიდები და თვალთვალი ორდერის გარეშე ჩაატარონ. ცვლილებების საფუძველზე პოლიციას ეხსნება ზედამხედველობის სისტემის ნაწილი, რომელიც ამ დრომდე მათ ქცევას აკონტროლებდა. თუ პოლიცია ჩათვლის, რომ ეროვნული მნიშვნელობის გადაუდებელი საფრთხე არსებობს, მათ შეუძლიათ, ორდერის გარეშე ჩაატარონ ჩხრეკა, ამოიღონ ინფორმაცია ონლაინპლატფორმებიდან, აწარმოონ თვალთვალი და ა. შ.

პოლიციას შეეძლება, ონლაინ მედიაკომპანიებს უბრძანოს მისთვის ინფორმაციის გადაცემა, ამოიღოს მათი ტექნიკა, დააჯარიმოს ან დააკავოს მათი თანამშრომლები უარის შემთხვევაში. კომპანიებს ასევე მოუწევთ, პოლიციასთან ითანამშრომლონ პირების იდენტიფიკაციისა და შიფრის მოხსნის თვალსაზრისითაც. ამის გამო სოციალური მედიის კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ ჰონგ-კონგის პოლიციასთან თანამშრომლობას წყვეტენ. ზოგი მათგანი ჰონგ-კონგიდან მთლიანად გადის.

ჩინეთი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა - ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

ვრცლად უშიშროების ახალი კანონების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში - ერთი ქვეყანა, ერთი სისტემა - ჰონგ-კონგის ავტონომიის დასასრულის დასაწყისი.

კომენტარები