მულანი

ჰონგ-კონგელი აქტივისტები Disney-ს ახალ მულანს ბოიკოტს უცხადებენ

ჰონგ-კონგელი აქტივისტები Disney-ს ახალ მულანს, რომელიც 4 სექტემბერს ონლაინ გამოვიდა, ბოიკოტს უცხადებენ. 

მიზეზი ფილმში მულანის როლის შემსრულებლის, ჩინელ-ამერიკელი მსახიობის, ლიუ იფეის მიერ გასულ წელს ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული აქციების მიმდინარეობისას გაზიარებული კომენტარია, რითაც ჰონგ-კონგის პოლიციას, რომელმაც არაერთხელ დაარბია აქციები, მხარდაჭერა გამოუცხადა. მან ჩინურ სოციალურ ქსელში ჩინეთის სახელმწიფო მედიის ლინკი გააზიარა სათაურით "მე მხარს ვუჭერ ჰონგ-კონგის პოლიციას. ახლა შეგიძლიათ ყველანი თავს დამესხათ." გაზიარებისას მან დაწერა "მეც მხარს ვუჭერ ჰონგ-კონგის პოლიციას" და თან მიაწერა გულის, ძლიერი მკლავის ემოტიკონი. გასული წელს ჰონგ-კონგის აქციების მიმდინარეობისას, აქტივისტებმა მისი ქმედება დაგმეს.

ჰონგ-კონგის ერთ-ერთმა ცნობილმა აქტივისტმა და ოპოზიციონერმა, ჯოშუა ვონგმა, "თავისუფლებისმოყვარე ხალხს" მულანის ბოიკოტისკენ მოუწოდა. ასეთივე მოწოდება გაავრცელა კიდევ ერთმა აქტივისტმა, ჯეფრი ნგომ.

ჰონგ-კონგელი აქტივისტების ჯგუფმა Twitter-ის გვერდზე Fight For Freedom. Stand With Hong Kong გამომწერებს ლიუს 2019 წლის კომენტარი შეახსენა -"ავტორიტარული რეჟიმის მხარდაჭერა უღირსი საქციელია. შემოუერთდი ჰონგკონგელების ბრძოლას და ბოიკოტი გამოუცხადე მულანს. #არარისჩემიმულანი".

ცნობილი ჩინელი დისიდენტი ხელოვანი, პატიუცაო, გმობს ლიუს კომენტარს - "მსახიობი მხარს უჭერს ჩინეთის პოლიციის სისასტიკეს ჰონგ-კონგელი მომიტინგეების მიმართ. აზიელთა თემისთვის ის არ არის გმირი, არც ფილმი. ეს ამაზრზენია".

მან ასევე გააზიარა ახალი კარიკატურა, რომელიც ჰგავს 1989 წლის პეკინის თიენანმენის მოედანზე მოწყობილი ჟლეტის დროს გადაღებულ ცნობილ ფოტოს. აქტივისტს, „ტანკის კაცს“, ხელში ყვითელი ქოლგა უჭირავს, რაც ჰონგ-კონგის 2014 წლის პროდემოკრატიული "ქოლგის მოძრაობის" სიმბოლოა. ჩინეთის ტანკზე კი ხმლით ხელში მულანია ამხედრებული:

"თუ ადამიანის უნივერსალურ უფლებებს მხარს უჭერ, თუ გძულს პოლიციის სისასტიკე, თუ გჯერა, რომ მსახიობებს და კომპანიებს სოციალური პასუხისმგებლობები უნდა ჰქონდეთ, თუ პატივს სცემ აზიელებს და არ გვხედავ, მხოლოდ როგორც ფულის მოპოვების ბაზარს და სიმბოლოს. ბოიკოტი გამოუცხადე მულანს!".

აღსანიშნავია, რომ აგნეს ჩოუს, ჰონგ-კონგში კიდევ ერთ ცნობილ 23 წლის აქტივისტს, მხარდამჭერები "ნამდვილ მულანს" ეძახიან. ის აგვისტოში კიდევ ერთხელ დააკავეს, ამჯერად ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონის ძალით. მას ბრალად ედება "საგარეო ძალებთან პირის შეკვრა". ის ამჟამად გირაოთია გამოშვებული.

ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო, რითაც ქალაქის ავტონომია ფაქტობრივად დასრულდა. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კომენტარები