არჩევნები 2020

ამაშია ჩვენი დიპლომატია, ФСБ რა შუაშია? – ინაშვილი საოკუპაციო ხაზის კვეთაზე

ტაბულა

"ამაშია ჩვენი დიპლომატია" – ასე პასუხობს პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, პარლამენტის ვიცეთავმჯდომარე, ირმა ინაშვილი შეკითხვას, როგორ გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი, რომელსაც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ФСБ) აკონტროლებს. 

რუსთავი 2-ის ღამის კურიერის წამყვანის მიერ არაერთხელ დასმული შეკითხვის მიუხედავად, ირმა ინაშვილმა არ თქვა, როგორ გადაკვეთა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია. 

"ამაშია ჩვენი დიპლომატია. ამაშია ჩვენი უნარი სწორი მოქმედებების, რომ ეს ყველაფერი გავიარეთ სწორად და უსაფრთხოდ, გავიარეთ ისე, რომ ვიზა არ აგვიღია ჩვენ. აფხაზებმა გაგვატარეს ჩვენ... ФСБ რა შუაშია? ФСБ-თან კონტაქტები ჰკითხეთ სააკაშვილს და ბოკერიას".– თქვა ირმა ინაშვილმა. 

პრორუსმა პოლიტიკოსმა, რომელიც კრემლისგან პირდაპირ იღებს დავალებებს, ისიც თქვა, რომ ის საოკუპაციო ხაზთან არცერთხელ არ გაუჩერებიათ და მისთვის შეკითხვები არც აფხაზებს დაუსვამთ და არც რუსებს. 

"იქ, სხვათა შორის, ზედმეტ კითხვებს არ სვამენ. არავის ჩემთვის არაფერი არ უკითხავს. იქაც იგივე ვუთხარი, რომ ვართ ჩვენ თბილისიდან და იქაც არავის ჩვენთვის პრობლემა არ შეუქმნია". – ამბობს ირმა ინაშვილი. 

რაც შეეხება მის კავშირს რუსეთის დუმის დეპუტატებთან, ირმა ინაშვილი ცდილობს, საზოგადოება დააჯეროს, რომ რუსეთის დუმის თავმჯდომარეს, ვიაჩესლავ ვოლოდინს, რომელთან ურთიერთობასაც პარტია არც კი მალავს, ФСБ-თან კავშირი საერთოდ არ აქვს. 

"დეპუტატები არიან კოლეგები და ФСБ არ არის რუსეთის დუმის პრეზიდენტი. მე არ დამიმალავს, შევხვდი რუსეთის დუმის თავმჯდომარეს, მასთან მაქვს კომუნიკაცია და ვოლოდინიც არ არის არავითარი ФСБ". – თქვა ინაშვილმა. 

პარლამენტის ვიცეთავმჯდომარემ აღიარა ისიც, რომ მისმა თანაგუნდელმა, დავით თარხან-მოურავმა საოკუპაციო ხაზის გადასაკვეთად გამოიყენა თავისი კონტაქტები მოსკოვში და "არამარტო მოსკოვში". 

პრორუს ლიდერს არც ამჯერად დავიწყებია რუსული პროპაგანდის კლასიკური მაგალითის გამეორება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი მესაზღვრეების დგომაზე პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას, ანუ ქართულ მხარეს დააკისრა. 

ადგილობრივი მედიის, Apsny PUBLIC-ის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დეფაქტო სახალხო კრებაზე მარიონეტ დეპუტატებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ პატრიოტთა ალიანსის ლიდერები რეგიონში ვიზიტის დროს მათ სამომავლოდ ოკუპირებული ტერიტორიის დამოუკიდებლად ცნობას დაჰპირდნენ.

პრორუსულმა პარტიამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზიტის გარდა, გასულ თვეში თავი კიდევ რამდენიმე რამით გამოიჩინა. 24 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიემ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, კრემლი პატრიოტთა ალიანსს წინასაარჩევნოდ პირდაპირ ეხმარება.

ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე ადამიანი ეხმარება, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები აკონტროლებენ.

ორგანიზაციას ხელში ჩაუვარდა პოლიტტექნოლოგ სერგეი მიხეევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი სამუშაო დოკუმენტი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიის მომზადებას ეხება. როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, პროექტის მიახლოებითი ღირებულება 700 ათას დოლარს შეადგენს, რაშიც შედის მგზავრობის, ტრანსპორტისა და საცხოვრებელი ხარჯები.

ცენტრის გამოძიებიდან რამდენიმე დღეში, 30 აგვისტოს, პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში, თურქეთის საზღვართან პროვოკაციული და პრორუსული შინაარსის მატარებელი ბანერი დაკიდა. კერძოდ, ბანერზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მსგავსად, წითელი ფერით იყო გამოყოფილი აჭარის რეგიონი, ქვემოდან კი თურქეთიდან მიმართული ისრები ჰქონდა დახატული. ბანერზე ეწერა – "დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო".

1-ელ სექტემბერს გამოქვეყნდა დოსიეს გამოძიების მეორე ნაწილი, სადაც ლაპარაკია უშუალოდ წინასაარჩევნო სტრატეგიისა და კამპანიის დაგეგმვაზე, რომელიც რამდენიმე პიარკომპანიის გავლით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული. ირკვევა, რომ სწორედ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქნა შეთანხმებული გზავნილები, რომლებითაც "პატრიოტებს" აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებული "თავდასხმები" უნდა მოეგერიებინათ.
 

კომენტარები