ნავალნის მოწამვლა

საქართველო ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა

ალექსეი ნავალნი
ABC News

დღეს, 3 სექტემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივით, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე იმსჯელეს. სხდომაზე ამ საკითხის შესახებ გაკეთდა ევროკავშირის განცხადება, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ევროკავშირის განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ნავალნის ტესტებში "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით და ხაზგასმულია ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობა. 

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი" რუსული წარმოშობისაა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობის განცხადება, რომ ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული, ფაქტებით არ არის განმტკიცებული.

"ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით ნავალნის მოწამვლას აშშ და დიდი ბრიტანეთიც გამოეხმაურნენ. აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ ელიოტმა ოფიციალურ Twitter-ზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი ამ ქმედებისათვის პასუხს აგებს. ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთის მთავრობამ უნდა განმარტოს, თუ რა დაემართა ნავალნის, დიდი ბრიტანეთი კი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს სამართლის აღსრულებაზე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. მოგვიანებით, 22 აგვისტოს ის გერმანიაში კლინიკა Charité-ში გადაიყვანეს. ის კვლავ კომაშია.

 

კომენტარები