ნავალნის მოწამვლა

ლუკაშენკოს განცხადებით ნავალნის "ნოვიჩოკით" მოწამვლის ცნობები ფალსიფიკაციაა

ალექსანდრ ლუკაშენკო
TASS

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პრემიერმინისტრ მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ცნობები პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით მოწამვლის შესახებ ფალსიფიკაციაა.

ლუკაშენკოს თქმით, "გუშინ ან გუშინწინ, მერკელის გამოსვლამდე" ბელარუსის სადაზვერვო სამსახურმა დაიჭირა "საინტერესო საუბარი" გერმანიასა და პოლონეთს შორის, საიდანაც გამომდინარეობდა, რომ ნავალნი არ მოუწამლავთ. ლუკაშენკოს განცხადებით, საუბრის ჩანაწერს მოამზადებდნენ და რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს გადაუგზავნიდნენ.

ლუკაშენკოს განცხადებით, ფალსიფიკაციის მიზანია ვლადიმირ პუტინს "ბელარუსის საქმეში ცხვირის ჩაყოფის სურვილი დაუკარგოს".

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლში იციან ლუკაშენკოს განცხადების შესახებ, თუმცა მტკიცებულებები ჯერ არ უნახავთ.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობის განცხადება, რომ ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული, ფაქტებით არ არის განმტკიცებული.

"ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტით ნავალნის მოწამვლას აშშ და დიდი ბრიტანეთიც გამოეხმაურნენ. აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ ელიოტმა ოფიციალურ Twitter-ზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი ამ ქმედებისათვის პასუხს აგებს. ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთის მთავრობამ უნდა განმარტოს, თუ რა დაემართა ნავალნის, დიდი ბრიტანეთი კი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს სამართლის აღსრულებაზე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. ის კვლავ კომაშია. ნავალნის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ის მოწამლეს. რუსი ექიმების განცხადებით, ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ აღმოუჩენიათ, თუმცა ბერლინის კლინიკამ, რომელშიც ნავალნი 20 აგვისტოს გადაიყვანეს, განაცხადა, რომ კლინიკური გამოკვლევის შედეგები პოლიტიკოსის მოწამვლაზე მიუთითებს.

გერმანია, საფრანგეთი, აშშ და ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებენ, რომ გამოიძიონ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე და დამნაშავეები დასაჯონ. ნავალნის მოწამვლის გამო გერმანიამ, შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესოს. რუსეთის გენერალური პროკურატურის გამოძიების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები