ნავალნის მოწამვლა

ბაიდენი: კრემლმა კიდევ ერთხელ გამოიყენა საყვარელი იარაღი ოპონენტის გასაჩუმებლად

huffingtonpost.com

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ამ საქმეში მთლიანად რუსეთს უნდა დაეკისროს

"კრემლმა კიდევ ერთხელ გამოიყენა საყვარელი იარაღი - "ნოვიჩოკის" ტიპის ნერვული აგენტი - პოლიტიკური ოპონენტის გასაჩუმებლად. თავდასხმის მეთოდი არ ტოვებს ეჭვს, თუ ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა - რუსეთის სახელმწიფოს. ნავალნის მკვლელობის მცდელობა ბოლო ინციდენტია პუტინის რეჟიმის მიერ დისიდენტების, გამომძიებელი ჟურნალისტების, ანტიკორუფციული აქტივისტების და ოპოზიციის ლიდერების მკვლელობებისა და მოწამვლის დიდხნიან ისტორიაში. ეს არის რუსეთის რეჟიმის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც იმდენად პარანოიულია, რომ კრიტიკასაც კი ვერ უძლებს". - წერს ბაიდენი. 

ბაიდენის აზრით, კრემლი ფიქრობს, რომ ის დაუსჯელად გააგრძელებს მოქმედებას. დონალდ ტრამპი კი პუტინთან დაპირისპირებას ერიდება და მას „შესანიშნავ ადამიანს“ უწოდებს. მისი თქმით, ნავალნის მოწამვლაზე ტრამპის სიჩუმე, რომ მას ჯერ არაფერი უთქვამს ამ საკითხზე, დანაშაულში თანამონაწილეობის ტოლფასია.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. ის კვლავ კომაშია. ნავალნის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ის მოწამლეს. რუსი ექიმების განცხადებით, ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ აღმოუჩენიათ, თუმცა ბერლინის კლინიკამ, რომელშიც ნავალნი 20 აგვისტოს გადაიყვანეს, განაცხადა, რომ კლინიკური გამოკვლევის შედეგები პოლიტიკოსის მოწამვლაზე მიუთითებს.

გერმანია, საფრანგეთი, აშშ და ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებენ, რომ გამოიძიონ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე და დამნაშავეები დასაჯონ. ნავალნის მოწამვლის გამო გერმანიამ, შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესოს. რუსეთის გენერალური პროკურატურის გამოძიების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის საფუძველი არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები