არჩევნები 2020

კანდელაკი: საარჩევნო კოდექსის ცვლილებებში გათვალისწინებულია მეათეხარისხოვანი საკითხები

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, საარჩევნო კოდექსის გამკაცრებას ეხმაურება. გიორგი კანდელაკის თქმით, ის რეგულაციები, რომელიც ქართულმა ოცნებამ შეიტანა საარჩევნო კოდექსში მეათეხარისხოვანია, ხოლო რეალური პრობლემები, რომლებიც საარჩევნო პროცესთან არის დაკავშირებული, არ არის გათვალისწინებული.

"არცერთი პრინციპული რეკომენდაცია, მაგალითად, მობილური ტელეფონების შეტანის აკრძალვის შესახებ, უბნის უშუალო სიახლოვეს კრიმინალური ელემენტების – ქართული ოცნების სისხლის და ხორცის, მათი დაშვების აკრძალვა, არ არის გათვალისწინებული. გათვალისწინებულია მეათასეხარისხოვანი საკითხები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაინც ვერ გადაარჩენს "ოცნებას", იმიტომ, რომ საზოგადოების ვერდიქტი, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა გადაინაცვლოს ოპოზიციაში და ჩაანაცვლოს ევროპულმა კოალიციამ, არის ნათელი და არ შეიცვლება". – თქვა გიორგი კანდელაკმა.

კანდელაკმა ასევე პანდემიურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამას იყენებს მანიპულაციისათვის, რათა ათეულათასობით გაბრაზებული მოქალაქე ვერ დაბრუნდეს საქართველოში.

"რამდენიმე ათეული ათასი გაბრაზებული მოქალაქის ქვეყანაში დაბრუნების აღკვეთა უნდა, ფაქტობრივად ბლოკადა არის გამოცხადებული ემიგრანტებისთვის საქარველოში დაბრუნებაზე". – თქვა კანდელაკმა.

ქართულ ოცნებას სურს, ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.

"ქართული ოცნება გამოდის ინიციატივით, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე.  

საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა - ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით გამოიწვევს ჯარიმას ან შინა პატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას". – თქვა არჩილ თალაკვაძე. 

კომენტარები