ჭავჭავაძის გამზირი

მერიამ დაამზადა ბროშურები, რომლებზეც მიწისქვეშა ურნებით სარგებლობის ინსტრუქციაა დატანილი

კახა კალაძის ცნობით, უახლოეს დღეებში ჭავჭავაძის გამზირზე ძველი, მიწისზედა ნარჩენების ურნები მოიხსნება და ახალი, მიწისქვეშა ურნებით განთავსდება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

თბილისის მერის თქმით, უკვე დამზადებულია სპეციალური ბროშურები, რომლებიც მოსახლეობას დაურიგდება და რომლებზეც მიწისქვეშა ურნებით სარგებლობის ინსტრუქციაა დატანილი.

"დავიწყეთ საპილოტე პროგრამა – ნარჩენების მიწისქვეშა ურნების განთავსება. გავამზადეთ სპეციალური ბროშურები და მინდა, "თბილსერვის ჯგუფს" და ვაკის რაიონის გამგეობას დავავალო, რომ ადგილობრივებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ, ეს ბროშურები ყველა ოჯახში შევიდეს და მოქალაქეებმა იცოდნენ, თუ როგორ ისარგებლონ ახალი ურნებით. პირველ ეტაპზე ნარჩენების სეპარირება აუცილებელი არაა, რადგან კანონპროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებით სრულყოფილი კანონმდებლობა გვექნება. პარალელურად, ასევე, ვმუშაობთ ნაგავგადამამუშავებელი საწარმოს პროექტის განხორციელებაზე და შემდეგი ეტაპი ნარჩენების სეპარირება იქნება. მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მიწისზედა ურნები მოიხსნება და მიწისქვეშა კონტეინერებით სარგებლობა იქნება შესაძლებელი". – თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, ჭავჭავაძეზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები სხვადასხვა ლოკაციაზე დამონტაჟდება. მათივე თქმით, კონტეინერების დასამონტაჟებლად განსაზღვრული ადგილმდებარეობების შერჩევის პროცესში სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება მოხდა. კერძოდ, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავებისა და სხვა გამწვანებული ადგილების მდებარეობა. ასევე, კონტეინერების დამცლელი სპეციალური ტექნიკის მოძრაობისთვის საჭირო პერიმეტრი, არსებული და სამომავლოდ მოსაწყობი ინფრასტრუქტურული ობიექტების (კერძო და მუნიციპალური ტრანსპორტის სავალი ნაწილების, საფეხმავლო და ველობილიკების განლაგება, გაჩერებების ადგილმდებარეობები, მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების არსებობა და სხვა) ადგილმდებარეობა.

თბილისი მერის ინფორმაციით, მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე, ეტაპობრივად დამონტაჟდება. გარდა ამისა, დედაქალაქის ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მოცულობის კონტეინერები განთავსდება.

კომენტარები