ევროპული საქართველო

ბაქრაძე: ჩემ მიერ ნათქვამ "ბედუკუღმართობას" არ აქვს კავშირი მუსლიმთა მრწამსთან

მინდა, მცირედი დაზუსტება გავაკეთო იმ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, რომელიც ზოგიერთ ჩვენს გულშემატკივარში გააჩინა გუშინ ჩემს ინტერვიუში გამოყენებულმა ტერმინმა “ისტორიული ბედუკუღმართობა” - საუბრის კონტექსტი შეეხებოდა საქართველოს ისტორიის იმ რთულ და უმძიმეს მონაკვეთს, როდესაც ჩვენი სამშობლოს დიდი ნაწილი, მათ შორის - აჭარაც, დაპყრობილი იყო ძლიერი და აგრესიული მეზობელი იმპერიის მიერ. დიახ, ძლიერ დამპყრობლებთან მუდმივი ბრძოლა იყო ჩვენი ისტორიული ბედუკუღმართობაც და ამავე დროს, ჩვენი ისტორიული სიამაყეც ჩვენი სამშობლოს გმირული წარსულის გამო.

მაგრამ ამ ტერმინს არავითარი შეხება არ აქვს ადამიანების პირად არჩევანთან და სიტყვა “ბედუკუღმართობა” არ ეხება ამა თუ იმ ადამიანის მრწამსის არჩევანს არც ადრე, არც ახლა და არც მომავალში. ეს სიტყვა მხოლოდ ჩვენს ისტორიულ და დაუსრულებელ ბრძოლებს აღწერს სხვადასხვა, ჩვენზე მძლავრ და აგრესიულ მეზობელ იმპერიებთან.

ქართველ მუსლიმთა თემი ჩვენი საზოგადოების ღირსეული ნაწილი, ჩვენი სისხლი და ხორცია და მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულება სრულიად ცალსახად ჩანს გუშინდელ ინტერვიუშიც და უამრავ სხვა საჯარო გამოსვლაშიც - დიახ, არავის აქვს უფლება, მათ გული ატკინოს და საქართველოს მიმართ მათი სიყვარული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს; დიახ, ისინი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი და საქართველოს ღირსეული მოქალაქეები არიან; დიახ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან ამ თემით მანიპულირება აზიანებს და ანგრევს ქართული სახელმწიფოს ერთიანობას.

იმედი მაქვს, ამ დაზუსტებით ყველა ჩვენი გულშემატკივარი ბოლომდე გაიგებს, რაზე ვსაუბრობდი ამ ინტერვიუში. რაც შეეხება ჩასაფრებულ ადამიანებს, ალბათ ასეთიც ბევრი გამოჩნდება, მაგრამ მაინც მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენი შიდა პოლიტიკური უთანხმოებების ან მიუღებლობის გამო არ დავაზიანებთ ყველაზე მთავარს - ჩვენი სამშობლოს ერთიანობას და ჩვენი საზოგადოების ერთობას. მადლობა ყველას!

წერს Facebook-ზე ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე. დეპუტატი პატრიოტთა ალიანსის პროპაგანდისტულ ბანერს 31 აგვისტოს აჭარლების მხარდამჭერი განცხადებით გამოეხმაურა და თქვა, რომ აჭარის მოსახლეობა "ისტორიული ბედუკუღმართობის გამო გახდა იძულებული რომ მიეღო ის სარწმუნოება (ისლამი) ამის გამო წითლად უნდა გამოვყოთ რუკაზე და ისრით ვაჩვენოთ, რომ ეს პრობლემაა?!"

კომენტარები