არჩევნები 2020

ვარშალომიძე: აუცილებლად ვიქნები მაჟორიტარი, პარლამენტის წევრობისთვის ბათუმიდან ვიბრძოლებ

რუსთავი 2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე ადასტურებს, რომ ის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. 

"მე აუცილებლად ვიქნები მაჟორიტარი, მე აუცილებლად ვიბრძოლებ საქართველოს პარლამენტის წევრობისთვის ბათუმიდან და ეს ბრძოლა იქნება დაკავშირებული ერთ რამესთან - მე არ ვიბრძვი თანამდებობისთვის, მინდა ამ ბრძოლაში ჩავერთო, რათა გადავარჩინოთ საქართველო." – თქვა მან მთავართან ინტერვიუში.

გუშინ, 30 აგვისტოს, ლევან ვარშალომიძემ ტრაპიზონიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მან საქართველოში დაბრუნება დაანონსა, – "მე ახლა ვარ ტრაპიზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავს მოხვეული რუსული ოცნება". – თქვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ.

ლევან ვარშალომიძე უკრაინაში ეროვნული საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელად ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიშნა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2004-დან 2012 წლამდე იკავებდა.

2015 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტს იკავებდა, მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ლევან ვარშალომიძე თავის მრჩევლად დანიშნა.

კომენტარები