ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ რომან გოცირიძის თქმით, პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ყველა მნიშვნელოვან საკადრო რესურსს გამოიყენებს. გოცირიძის განმარტებით, ენმ-ში ერთერთი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა სწორედ ლევან ვარშალომიძეა.
"ლევან ვარშალომიძე უკვე ჩამოვიდა ბათუმში, უწევს 2-კვირიანი კარანტინი, შემდეგ იქნება ძალიან აქტიური და აჭარაში საარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, გადავა მის მხრებზე". – ამბობს გოცირიძე.
გუშინ, 30 აგვისტოს, ლევან ვარშალომიძემ ტრაპიზონიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მან საქართველოში დაბრუნება დაანონსა, – "მე ახლა ვარ ტრაპიზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავს მოხვეული რუსული ოცნება". – თქვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ.
ლევან ვარშალომიძე უკრაინაში ეროვნული საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელად ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიშნა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2004-დან 2012 წლამდე იკავებდა.
2015 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტს იკავებდა, მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ლევან ვარშალომიძე თავის მრჩევლად დანიშნა.