პოლონეთის ავიახაზები 12 სექტემბერს თბილისიდან ვარშავის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. Lot-ის გენერალური გაყიდვების სააგენტოში განმარტავენ, რომ რეისი ცალმხრივია და ვარშავიდან თბილისში მგზავრებს არ ჩამოიყვანს. ბილეთის ფასი 1400 ლარია.
"ფასი მოიცავს ჩასაბარებელ ბარგს 20კგ და 5კგ ხელბარგს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენს ოფისში როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.
მგზავრმა უნდა დაადასტუროს მგზავრობის მიზნობრიობა შესაბამისი საბუთების წარმოდგენით! ბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება". – აცხადებს საქართველოში ავიაკომპანიის წარმომადგენლობა.
ცალმხრივი რეისები სტამბოლის, კიევის, მინსკის და დოჰას მიმართულებითაც არის დაგეგმილი - მგზავრებს თბილისიდან ამ ქალაქებში გაფრენა შეუძლია, თუმცა, ჩამოსვლა - არა.
- კიევის, დოჰას და მინსკის ფრენებიც ცალმხრივი იქნება, გაფრენას შეძლებთ, ჩამოსვლას - ვერა
- Turkish-ით და Pegasus-ით თბილისიდან სტამბოლში გაფრენა შეგეძლებათ, უკან დაბრუნება - არა
საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი 1-ელი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1-ელ აგვისტომდე, შემდეგ 1-ელ სექტემბრამდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.
შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამ მიმართულებაზე, რომლებიც აგვისტოდან თბილისის პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში სრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa დაფრინავს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic აქამდე კვირაში ერთხელ დაფრინავდა, 20 აგვისტოდან კი, სიხშირე კვირაში ორი იქნება.
გარდა ამისა, დაინიშნა რამდენიმე ჩარტერული ცალმხრივი რეისი - სტამბოლის, კიევის, მინსკის, დოჰას და ვარშავის მიმართულებით გაფრენას შეძლებთ, ხოლო თბილისში ჩამოსვლას ვერა. ასევე, შესრულდება ორი ფრენა ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე.
დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".
- 8 ახალი ბაზა, 200-ზე მეტი მიმართულება, ქუთაისში გაუქმებული რეისები - Wizzair-ი პანდემიის დროს
- როგორ მოიპარა მთავრობამ ჩემი ზაფხული და ქვეყნის ტურიზმი
საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს უშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა, იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.