არჩევნები 2020

ბურჯანაძე "ოცნების" ინიციატივაზე: ხელისუფლებას შეუძლია, ოპოზიციის წინააღმდეგაც გამოიყენოს

ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე ქართული ოცნების ინიციატივას ეხმაურება. "ოცნებას" სურს, რომ ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს. ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებას შეუძლია, კანონი ოპოზიციის წინააღმდეგაც გამოიყენოს.

"ეს ქმედებები ისედაც დასჯადი იყო და ახლა ადამიანს ნამდვილად არ მოუნდება არჩევნების კანონის დარღვევის გამო არც სამი წლით და არც ერთი წლით ციხეში წასვლა. რეალურად, ეს კანონი თუ იმოქმედებს, იმოქმედებს ხელისუფლების მაღალჩინოსნების საწინააღმდეგოდ. მაგრამ შერჩევითი სამართლის პერიოდში ჩვენ ვიცით, რომ პრაქტიკულად დასჯით არავინ არ დაისჯება. 

ახლა ოპოზიცია, თუ ძალიან არ მოინდომებ, რომ დააბრალო, ვერ შეძლებს ამომრჩევლის დაშინებას. დაშინება ვის შეუძლია - ამომრჩევლის დაშინება მას შეუძლია, ვისაც შეუძლია, რომ მოუხსნას სოციალური დახმარება, ვისაც შეუძლია, ამომრჩეველი სამსახურიდან გააგდოს - ოპოზიცია ამას ვერ შეძლებს. თუმცა, მონდომების შემთხვევაში ხელისუფლებას შეუძლია ეს ოპოზიციის წინააღმდეგაც გამოიყენოს." – ამბობს ბურჯანაძე მთავართან ინტერვიუში. 

ქართული ოცნების ინიციატივის შესახებ დღეს, 26 აგვისტოს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. თალაკვაძის თქმით, შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადებულია და საქართველოს პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება. 

"საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა - ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით გამოიწვევს ჯარიმას ან შინა პატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას." – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები