ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში 2019 წლის აქციებში მონაწილეობის გამო საკანონმდებლო საბჭოს 2 წევრი დააკავეს

AP

ჰონგ-კონგის პოლიციამ 2019 წლის ივლისში პრო-დემოკრატიულ აქციებში მონაწილეობის გამო საკანონმდებლო საბჭოს ორი ოპოზიციონერი წევრი დააკავა.

დაკავებულები არიან დემოკრატიული პარტიის წევრები ლამ ჩეუკ-ტინგი და ტედ ჰვი ჩი-ფუნგი. მათ ბრალად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და ამბოხი ედებათ.

ამ საპროტესტო აქციისას მატარებლის სადგურზე მყოფ მომიტინგეებს თავს ჯოხებით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ლამ ჩეუკ-ტინგი სახის არეში მიღებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში მოხვდა.

ამ საქმეზე სულ 44 პირია დაკავებული. უცნობია რატომ წარედგინა ბრალი დაზარალებულს, რომელიც თავდასხმას ტელეფონით იღებდა.

აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგში ჩინეთის მიერ მიღებული ახალი უშიშროების კანონების საფუძველზე რეტროსპექტიულად დაიწყო გასულ თვეებში მიმდინარე აქციების მონაწილეების და ორგანიზატორების დაკავება და გასამართლება.

__________

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. თავდაპირველად მომიტინგეები კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევას ითხოვდნენ, რასაც საბოლოოდ მიაღწიეს კიდეც, თუმცა, დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა და ისინი პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებსა და, ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციები ძალადობრივად  არაერთხელ დაშალეს, ჩინეთმა კი ქალაქში დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა.  კორონავირუსის პანდემიის გამო აქციები დროებით შეწყდა. ჩინეთმა პანდემია ახალი კანონების შესამუშავებლად გამოიყენა, რათა  პროდემოკრატიული აქციებით რეჟიმისათვის შექმნილი საფრთხე აღმოეფხვრა.

ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კანონის დამრღვევებს საჯარო სამსახურებში მუშაობა აეკრძალებათ. პეკინმა ჰონგ-კონგში უშიშროების ოფისი გახსნა, სადაც საკუთარი სამართალდამცავები ჰყავს. ჰონგ-კონგის მმართველს ეროვნული უსაფრთხოების საქმეებზე მოსამართლეების დანიშვნის უფლება ექნება და იუსტიციის მინისტრი გადაწყვეტს, უნდა იყვნენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი გასაჩივრება შეუძლებელი გახდება. ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.

კანონების საფუძველზე ჰონგ-კონგის პოლიციას უფლებები გაეზარდა, მათ შორის, შეეძლებათ რეიდები და თვალთვალი ორდერის გარეშე ჩაატარონ. ცვლილებების საფუძველზე პოლიციას ეხსნება ზედამხედველობის სისტემის ნაწილი, რომელიც ამ დრომდე მათ ქცევას აკონტროლებდა. თუ პოლიცია ჩათვლის, რომ ეროვნული მნიშვნელობის გადაუდებელი საფრთხე არსებობს, მათ შეუძლიათ, ორდერის გარეშე ჩაატარონ ჩხრეკა, ამოიღონ ინფორმაცია ონლაინპლატფორმებიდან, აწარმოონ თვალთვალი და ა. შ.

პოლიციას შეეძლება, ონლაინ მედიაკომპანიებს უბრძანოს მისთვის ინფორმაციის გადაცემა, ამოიღოს მათი ტექნიკა, დააჯარიმოს ან დააკავოს მათი თანამშრომლები უარის შემთხვევაში. კომპანიებს ასევე მოუწევთ, პოლიციასთან ითანამშრომლონ პირების იდენტიფიკაციისა და შიფრის მოხსნის თვალსაზრისითაც. ამის გამო სოციალური მედიის კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ ჰონგ-კონგის პოლიციასთან თანამშრომლობას წყვეტენ. ზოგი მათგანი ჰონგ-კონგიდან მთლიანად გადის.

ჩინეთი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა - ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

ვრცლად უშიშროების ახალი კანონების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში - ერთი ქვეყანა, ერთი სისტემა - ჰონგ-კონგის ავტონომიის დასასრულის დასაწყისი.

კომენტარები