ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნია ხანძართან ბრძოლაში დახმარებას ავსტრალიას და კანადას სთხოვს

AFP

კალიფორნიაში მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. შტატში ხანძრის 560-მდე კერაა. მობილიზებულია 12 000-ზე მეტი მეხანძრე და სპეციალურ ტექნიკა. ცეცხლი 2 000 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა.

ხანძრის გამო მოხდა 175 000-მდე მოსახლის ევაკუაცია. დაიღუპა 6 ადამიანი. დაშავდა 43 ადამიანი, მათ შორის მეხანძრეებიც. დაიწვა ასობით შენობა. ევაკუირებულთა ნაწილს თავშესაფრებში გადასვლის ეშინია, ვინაიდან კალიფორნია აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების თვალსაზრისით პირველ ადგილზეა. თავშესაფრებში იცავენ სოციალური დისტანციის წესებს და პირბადეების ტარება სავალდებულოა, თუმცა ადგილობრივი ოფიციალური პირები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ, თუკი საშუალება აქვთ, თავი ახლობლებთან და მეგობრებთან შეაფარონ.

შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა ხანძართან ბრძოლაში დახმარება სთხოვა ავსტრალიას და კანადას. ნიუსომი ამბობს, რომ ავტრალიას საუკეთესო მეხანძრეები ჰყავს.

ხანძრის კერების დიდი ნაწილი ძნელად მისადგომ ადგილებშია, ძლიერი ქარი კი ხელს უწყობს ცეცხლის გავრცელებას.

შტატში მეხანძრეები ჩავიდნენ ორეგონიდან, ნიუ-მექსიკოდან და ტეხასიდან.


ფოტო: GETTY IMAGE

კომენტარები