ალექსეი ნავალნი

რუსი ექიმები ალექსეი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანას დასთანხმდნენ

NYT

ომსკის საავადმყოფოს ექიმები ალექსეი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანას დასთანხმდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ გაავრცელა ომსკის საინფორმაციო გამოცემამ Город55.

გადაწყვეტილება მიიღეს კონსილიუმზე, რომელსაც ოპოზიციონერის ცოლი, იულია ნავალნაიაც ესწრებოდა. ამჟამინდელი ინფორმაციით ნავალნი ომსკს რამდენიმე საათში დატოვებს.

ომსკის საავამდყოფოს მთავარი ექიმის მოადგილის ანატოლი კალინიჩენკოს განცხადებით მედიკოსებმა საბოლოოდ გამორიცხეს მოწამვლის ვერსია. კალინიჩენკოს განცხადებით, ექიმების დიაგნოზი, ნახშირწყლების ბალანსის დარღვევა გართულებებით, ანუ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა გართულებებით ხსნის ალექსეი ნავალნის მდგომარეობას. ექიმის განცხადებით ნავალნის ორგანიზმში ვერ აღმოაჩინეს მომწავმლავი ნივთიერების კვალი.

საავადმყოფოს მთავარი ექიმის ალექსანდრ მურახოვსკის ინფორმაციით ნავალნის სისხლსა და შარდში ვერ იპოვეს იმ ქიმიური ნივთიერების კვალი, რომელიც ნავალნის ხელებსა და ტანსაცმელზე აღმოაჩინეს. ექიმის თქმით, შესაბამისად გამორიცხულია ამ ნივთიერებით მოწამვლის შესაძლებლობა.

ამ დრომდე ომსკის საავადმყოფოს ექიმები უარს აცხადებდნენ ნავალნის გერმანიაში გადაყვანაზე. ომსკის საავამდყოფოს მთავარმა ექიმმა ალექსანდრ მურახოვსკიმ განაცხადა,  ალექსეი ნავალნი ომსკში გააგრძელებს მკურნალობას მანამდე, სანამ მისი მდგომარეობა არ დასტაბილურდებაო. 

ამავდროულად, ნავალნის სპიკერი, კირა იარმიში წერდა, რომ გერმანელმა ექიმებმა ნავალნის შემოწმების შემდეგ დაასკვნეს, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია და გერმანელების თვითმფრინავის აპარატურა ბერლინში დაუყოვნებლივ მისი უსაფრთხოდ გადაყვანის საშუალებას იძლევა. ნავალნის ოჯახს და პირად ექიმს სურთ, რომ ის სამკურნალოდ ევროპაში გადაიყვანონ. მკურნალობის გაგრძელება ბერლინში, კლინიკა Charité-ში იგეგმება.

რუსი ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ თქვა, რომ სატრანსპორტო პოლიციამ აღმოაჩინა ნივთიერება, რომლითაც ნავალნი მოწამლეს. რა ნივთიერებაზეა ლაპარაკი, არ დაკონკრეტებულა. ნავალნის მეუღლე ამბობს, რომ ომსკის საავადმყოფოს არ ენდობა. ის და მოსკოვიდან ჩასული ექიმი ნავალნის მოსანახულებლად არ შეუშვეს. მათთვის არც სამედიცინო დოკუმენტები გადაუციათ.

20 აგვისტოს ნავალნი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ვვარაუდობთ, რომ საწამლავი ჩაიში იყო. მან დილის შემდეგ მხოლოდ ჩაი დალია. ექიმები ამბობენ, რომ საწამლავი ცხელი სითხიდან უფრო სწრაფად შეიწოვება. ამჟამად ალექსეი უგონოდაა". – თქვა ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა, მოგვიანებით კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

სექტემბერში საქალაქო საბჭოს არჩევნები უნდა ჩატარდეს ნოვოსიბირკსა და ტომსკში, სადაც ნავალნი დამოუკიდებელ კანდიდატებს უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ის ამ ქალაქებში. გარდა ამისა, ნავალნი აგროვებდა ინფორმაციას პარტია ერთიანი რუსეთის დეპუტატების საქმიანობის შესახებ.

ნავალნი ადრეც ამბობდა, რომ მისი მოწამვლა სცადეს. 2019 წელს ის 30 დღით დააკავეს არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების გამო. ციხეში ის შეუძლოდ გახდა. ექიმების დიაგნოზით, მას დერმატიტი ჰქონდა, თუმცა ნავალნი ამბობდა, რომ ეს ალერგიული რეაქცია იყო და, მისი ექიმის თქმით, ეს, შესაძლოა, რაიმე მომწამლავ ნივთიერებას გამოეწვია.

კომენტარები