ალექსეი ნავალნი

რუსი ექიმი: ნავალნი ომსკის საავადმყოფოში დარჩება, სანამ მისი მდგომარეობა არ დასტაბილურდება

რუსეთში, ომსკის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ალექსანდრ მურახოვსკიმ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი იქ გააგრძელებს მკურნალობას მანამდე, სანამ მისი მდგომარეობა არ დასტაბილურდება

მისი თქმით, ექიმების კონსულტაციაში მონაწილეობას იღებდნენ გერმანიიდან 21 აგვისტოს ჩასული ექიმები.

ამავდროულად, ნავალნის სპიკერი, კირა იარმიში წერს, რომ გერმანელმა ექიმებმა ნავალნის შემოწმების შემდეგ დაასკვნეს, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია და გერმანელების თვითმფრინავის აპარატურა ბერლინში დაუყოვნებლივ მისი უსაფრთხოდ გადაყვანის საშუალებას იძლევა.

ნავალნის ოჯახს და პირად ექიმს სურთ, რომ ის სამკურნალოდ ევროპაში გადაიყვანონ. ალექსეი ნავალნი კომაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. რუსი ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა ღამით ოდნავ გაუმჯობესდა, თუმცა, მისი სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია.

21 აგვისტოს ომსკში გერმანიიდან ჩავიდა გერმანელი ექიმებით დაკომპლექტებული თვითმფრინავი, რომლითაც ნავალნის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. მკურნალობის გაგრძელება ბერლინში, კლინიკა Charité-ში იგეგმება.

რუსი ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს წერილით მიმართა ომსკის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ. 

რუსეთში ჟურნალისტის კითხვაზე ჩაერთნენ თუ არა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები ნავალნის გერმანიაში გადაყვანის ხელის შეშლაში, კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი პასუხობს: "ეს იქ მყოფი ექიმის გადაწყვეტილებაა. ეს ეხება ტრანსპორტირებას, რამაც, შესაძლოა, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას".

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასეთ საქმეებში არანაირად არ ერევა - "კრემლი პაციენტის მკურნალობის საკითხებით დაკავებული არ არის. ჩვენ ექიმები არ ვართ".

პესკოვმა ასევე თქვა, რომ იქ მყოფი ექიმის აზრით, სრულიად არ არის ცნობილი, თუ რა გახდა ჰოსპიტალიზაციის მიზეზი და ამიტომ ნავალნის გადაყვანა ამჟამად შეუძლებელია - "ეს, შესაძლოა, სახიფათო იყოს მისი ჯანმრთელობისთვის".

ციმბირის საავადმყოფოს მთავრი ექიმის მოადგილემ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნისთვის ჩატარებული ტესტირების შედეგად ექიმებმა საწამლავის კვალი ვერ ნახეს.

მანამდე, რუსი ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ თქვა, რომ სატრანსპორტო პოლიციამ აღმოაჩინა ნივთიერება, რომლითაც ნავალნი მოწამლეს.

"ნივთიერება საშიშია გარშემო მყოფთა სიცოცხლისთვისაც. ყველამ, ვინც მის სიახლოვეშია, სპეციალური კოსტიუმი უნდა ატაროს". - ნათქვამია ომსკში ნავალნის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა ნივთიერებაზეა ლაპარაკი, არ დაკონკრეტებულა. ნავალნის მეუღლე ამბობს, რომ ომსკის საავადმყოფოს არ ენდობა. ის და მოსკოვიდან ჩასული ექიმი ნავალნის მოსანახულებლად არ შეუშვეს. მათთვის არც სამედიცინო დოკუმენტები გადაუციათ.

20 აგვისტოს ნავალნი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ვვარაუდობთ, რომ საწამლავი ჩაიში იყო. მან დილის შემდეგ მხოლოდ ჩაი დალია. ექიმები ამბობენ, რომ საწამლავი ცხელი სითხიდან უფრო სწრაფად შეიწოვება. ამჟამად ალექსეი უგონოდაა". – თქვა ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა, მოგვიანებით კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

სექტემბერში საქალაქო საბჭოს არჩევნები უნდა ჩატარდეს ნოვოსიბირკსა და ტომსკში, სადაც ნავალნი დამოუკიდებელ კანდიდატებს უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ის ამ ქალაქებში. გარდა ამისა ნავალნი აგროვებდა ინფორმაციას პარტია ერთიანი რუსეთის დეპუტატების საქმიანობის შესახებ.

ნავალნი ადრეც ამბობდა, რომ მისი მოწამვლა სცადეს. 2019 წელს ის 30 დღით დააკავეს არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების გამო. ციხეში ის შეუძლოდ გახდა. ექიმების დიაგნოზით, მას დერმატიტი ჰქონდა, თუმცა ნავალნი ამბობდა, რომ ეს ალერგიული რეაქცია იყო და, მისი ექიმის თქმით, ეს, შესაძლოა, რაიმე მომწამლავ ნივთიერებას გამოეწვია.

კომენტარები