არჩევნები 2020

დეკანოიძე: ვერა ქობალიას კანდიდატურა ზუგდიდში არ განიხილება, განიხილება მურთაზ ზოდელავა

მთავარი არხი/screenshot

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ვერა ქობალია არ განიხილება. მისივე თქმით, ენმ-ს ზუგდიდში რამდენიმე კანდიდატი ჰყავს, მათ შორის, მურთაზ ზოდელავა. 

"ვერა არის ჩემი მეგობარი და მივიჩნევ, რომ ერთ-ერთი წარმატებული ადამიანია საქართველოში და არა მხოლოდ, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე ძალიან მნიშვნელოვან თემებზე. ვისურვებდი, რომ ვერა რაღაც კონფიგურაციით ყოფილიყო ამ პოლიტიკურ მოცემულობაში, მაგრამ ვერას კანდიდატურა დღეს ზუგდიდში არ იხილება. გვყავს რამდენიმე კანდიდატი, 2-3 შემიძლია გითხრათ. ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც ძალიან აქტიურად განიხილება, ესაა ბატონი მურთაზ ზოდელავას კანდიდატურა".- ამბობს დეკანოიძე ტელეკომპანია ფორმულას ეთერში. 

მისივე თქმით, სამეგრელოში განიხილება ასევე კობა ნაყოფიას კანდიდატურა. რაც შეეხება თავად დეკანოიძეს, შესაძლოა, ის იმერეთში გახდეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.  

დღეს ტაბულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ვერა ქობალიას კანდიდატურას განიხილავს. 

ზუგდიდის ოლქში ევროპული საქართველოდან კენჭს იყრის გიგი უგულავა. ენმ-მ ივლისის ბოლოს გამორიცხა თბილისის გარდა სხვა ოლქებში ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა და განაცხადა, რომ დანარჩენ 22 ოლქში პარტია საკუთარ კანდიდატს წარადგენს. რის შემდეგაც, ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ ოპოზიციას ერთიანიი ნაციონალური მოძრაობისთვის ორი კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით და პარტიას მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე მისცა, თუმცა, პასუხი რომ ვერ მიიღო, ევროპულმა საქართველომ საკუთარი კანდიდატები წარადგინა.

კომენტარები