კორონავირუსი საქართველოში

ინფექციურმა Covid-19-ითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცნობით, კლინიკამ ახალი კორონავირუსითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღებას შეაჩერა. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში თენგიზ ცერცვაძე გადაწყვეტილების მიზეზად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არარსებობას ასახელებს.

ცერცვაძის თქმით, აივ/შიდსით ინფიცირებული ამბულატორიული პაციენტების მიღება გაგრძელდება, რადგან მისივე განმარტებით, ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა დიდ რყევებს გამოიწვევდა. 

"დიახ, ვადასტურებთ, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა Covid-19-ით პაციენტებისა და აივ/შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. ამავე დროს, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს". – ამბობს თენგიზ ცერცვაძე. 

ექიმი ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის პოზიციასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება მას და მისი პასუხები სინამდვილეს არ შეესაბამება.

ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პირობების შესახებ ინფორმირებულია და სახელმწიფომ უკვე გამოყო კლინიკისთვის 40 მილიონი ლარის ღირებულების ახალი შენობას, რომელიც გარემონტებაც მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში იგეგმება. თენგიზ ცერცვაძე ფიქრობს, რომ ეს პროცესი შესაძლოა ერთ წელზე დიდხანს გაიწელოს და ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკა ვერ შეძლებს პაციენტების ადეკვატურად მომსახურებას. 

თენგიზ ცერცვაძე იმასაც ამბობს, რომ თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო სასამართლოში უჩივლა. 

"ანუ სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა იმ ხარვეზისთვის, რომელი ხარვეზის გამოსწორებას ჩვენ მანამდეც და შემდეგაც თვითონ სამინისტროს ვთხოვდით". – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძის განცხადება, რომ არც ჯანდაცვის და არც ეკონომიკის სამინისტროებიდან ინფექციურ საავადმყოფოს საკუთარი დივიდენდების განკარგვაზე შეფერხება არ ჰქონია, სინამდვილეს არ შეესაბამება. 

ინფექციონისტი "მკრეხელობას" უწოდებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ეკატერინე ტიკარაძე სოციალური სააგენტოს ორი თვით ადრე გაფრთხილებამდე პროგრამის დატოვების გამო კანონით გათვალისწინებულ 10%-იან ჯარიმაზე საუბრობს. 

"მკრეხელობაა ჩვენი აქეთ დადანაშაულება. ჩვენ პროგრამის დატოვება კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა, დაგვეხმარონ ამ პროგრამის შესრულებაში, ელემენტარული, მინიმალური პირობების შექმნაში". – თქვა თენგიზ ცერცვაძემ. 

რა მდგომარეობაა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ნახეთ აქ

კომენტარები