ალექსეი ნავალნი

კრემლი ნავალნიზე: ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის დასახმარებლად

დმიტრი პესკოვი
NBC

კრემლი გამოეხმაურა ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის შესახებ. კრემლში 20 აგვისტოს განაცხადეს, რომ ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ, რათა ნავალნის დაეხმარონ. კრემლიდან მას, "ისევე, როგორც რუსეთის ყველა მოქალაქეს", სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვეს.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ნებისმიერი მოწამვლა ლაბორატორიული ტესტირებით უნდა დადასტურდეს. 

მისივე თქმით, მთავრობის წარმომადგენლები მზად იქნებიან, გაითვალისწინონ თხოვნა ნავალნის საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ, თუკი ასეთი თხოვნა იქნება. 

20 აგვისტოს ნავალნი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ვვარაუდობთ, რომ საწამლავი ჩაიში იყო. მან დილის შემდეგ მხოლოდ ჩაი დალია. ექიმები ამბობენ, რომ საწამლავი ცხელი სითხიდან უფრო სწრაფად შეიწოვება. ამჟამად ალექსეი უგონოდაა". – თქვა ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა, მოგვიანებით კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ის შეუძლოდ თვითმფრინავში ყოფნის დროს გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ომსკში დაეშვა. ომსკის საავადმყოფოში ადასტურებენ, რომ ნავალნი მიიღეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ნავალნი ადრეც ამბობდა, რომ მისი მოწამვლა სცადეს. 2019 წელს ის 30 დღით დააკავეს არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების გამო. ციხეში ის შეუძლოდ გახდა. ექიმების დიაგნოზით მას დერმატიტი ჰქონდა, თუმცა ნავალნი ამბობდა, რომ ეს ალერგიული რეაქცია იყო და, მისი ექიმის თქმით, ეს, შესაძლოა, რაიმე მომწამლავ ნივთიერებას გამოეწვია.

ინფორმაციას ნავალნის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოწამვლა დადასტურდება, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

კომენტარები