ჰონგ-კონგი

აშშ-მ ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმება გააუქმა

მაიკ პომპეო
Mark Rightmire, Orange County Register/SCNG

ჰონგ-კონგში პეკინის მიერ შემოღებული ეროვნული უშიშროების კანონის შემდეგ, რამაც ქალაქის ავტონომია ფაქტობრივად დაასრულა, აშშ-მ ჰონგ-კონგთან შეთანხმება ექსტრადიციის შესახებ გააუქმა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე ვკითხულობთ, რომ უშიშროების კანონმა ჰონგ-კონგელების თავისუფლებები ჩაახშო.

"ჩინეთის კომუნისტური პარტია ჰონგ-კონგელი ხალხის თავისუფლებების და ავტონომიის განადგურებას ირჩევს," – წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო.

ექსტრადიციის შეთანხმების გარდა 19 აგვისტოს აშშ-მ ჰონგ-კონგთან კიდევ ორი ორმხრივი შეთანხმება გააუქმა. 

ერთ-ერთია ორმხრივი გადასახადებისგან გათავისუფლების შეჩერება, რაც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს ჰონგ-კონგის კომპანიებს - ამ კომპანიების უმეტესობა ასეთ გამონაკლისებს ეყრდნობოდა.

პეკინმა ამ ქმედებაზე განაცხადა, რომ აშშ ჰონგ-კონგს პაიკად იყენებს, რათა აშშ-ჩინეთის ურთიერთობებს ავნოს. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 19 აგვისტოს ჰონგ-კონგელი მედიამაგნატის, მილიარდერის და ერთ-ერთი პროდემოკრატიული აქტივისტის, ჯიმი ლაის, დაკავებასაც გამოეხმაურა. ტრამპმა მას "დემოკრატის გამორჩეული მომხრე ხმა", "ჰონგ-კონგის აქციების მხარდამჭერი" და "მამაცი კაცი" უწოდა.

გასულ დღეებში ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება გააუქმეს ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, გერმანია, საფრანგეთმა, ახალმა ზელანდიამ, კანადამ.

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას ჰონგ-კონგისთვის სპეციალური ეკონომიკური სტატუსის გაუქმების თაობაზე

8 აგვისტოს აშშ-მ ჰონგ-კონგის ავტონომიის ძირის გამოთხრის, ჰონგ-კონგის მოქალაქეებისთვის გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვისთვის 11 მაღალჩინოსანს, მათ შორის, ქალაქის ლიდერს, კერი ლამს, სანქციები დაუწესა.

-----------

ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კანონის დამრღვევებს საჯარო სამსახურებში მუშაობა აეკრძალებათ. პეკინმა ჰონგ-კონგში უშიშროების ოფისი გახსნა, სადაც საკუთარი სამართალდამცავები ჰყავს. ჰონგ-კონგის მმართველს ეროვნული უსაფრთხოების საქმეებზე მოსამართლეების დანიშვნის უფლება ექნება და იუსტიციის მინისტრი გადაწყვეტს, უნდა იყვნენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი გასაჩივრება შეუძლებელი გახდება. ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.
 

კანონების საფუძველზე ჰონგ-კონგის პოლიციას უფლებები გაეზარდა, მათ შორის, შეეძლებათ რეიდები და თვალთვალი ორდერის გარეშე ჩაატარონ. ცვლილებების საფუძველზე პოლიციას ეხსნება ზედამხედველობის სისტემის ნაწილი, რომელიც ამ დრომდე მათ ქცევას აკონტროლებდა. თუ პოლიცია ჩათვლის, რომ ეროვნული მნიშვნელობის გადაუდებელი საფრთხე არსებობს, მათ შეუძლიათ, ორდერის გარეშე ჩაატარონ ჩხრეკა, ამოიღონ ინფორმაცია ონლაინპლატფორმებიდან, აწარმოონ თვალთვალი და ა. შ.

პოლიციას შეეძლება, ონლაინ მედიაკომპანიებს უბრძანოს მისთვის ინფორმაციის გადაცემა, ამოიღოს მათი ტექნიკა, დააჯარიმოს ან დააკავოს მათი თანამშრომლები უარის შემთხვევაში. კომპანიებს ასევე მოუწევთ, პოლიციასთან ითანამშრომლონ პირების იდენტიფიკაციისა და შიფრის მოხსნის თვალსაზრისითაც. ამის გამო სოციალური მედიის კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ ჰონგ-კონგის პოლიციასთან თანამშრომლობას წყვეტენ. ზოგი მათგანი ჰონგ-კონგიდან მთლიანად გადის.

ჩინეთი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა - ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

ვრცლად უშიშროების ახალი კანონების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში - ერთი ქვეყანა, ერთი სისტემა - ჰონგ-კონგის ავტონომიის დასასრულის დასაწყისი.

კომენტარები