კრიმინალი

R2: ბათუმში ყაჩაღობისთვის დაკავებული ბიჭი ლანჩხუთის საკრებულოს თავჯდომარის შვილია

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 19 წლის ბიჭი, რომელიც ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს, ლანჩხუთის საკრებულოს თავჯდომარის, ბესო ტაბიძის შვილია. რუსთავი ორმა ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

შვილის დაკავებას ადასტურებს ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის ცოლიც, თუმცა, ის გურიანიუსთან საუბარში ამბობს, რომ "ბიჭმა იჩხუბა და თავად ჩაბარდა პოლიციას".

შსს-ს ინფორმაციით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს ყაჩაღურად თავს დაესხა, ამავე სავალუტო ჯიხურის მფლობელს, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა, თუმცა თანხის წაღება ვერ შეძლო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა".

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები