ბულგარეთი

ბულგარეთის პრემიერმინისტრი მზადაა გადადგეს, თუ პარლამენტი ვადამდელ არჩევნებს დაუჭერს მხარს

ბოიკო ბორისოვი
Reuters

ბულგარეთის პრემიერმინისტრმა ბოიკო ბორისოვმა პარასკევს განაცხადა, რომ მზადაა, თანამდებობიდან გადადგეს, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს მის გეგმას, ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. ბორისოვი ამბობს, რომ სურს, საკონსტიტუციო ცვლილებები გატარდეს, გაიზარდოს სასამართლო ორგანოების ანგარიშვალდებულება და განახევრდეს პარლამენტართა რაოდენობა.

ცვლილებებისთვის ბულგარეთის პარლამენტის 240 დეპუტატის ორმა მესამედმა უნდა დაუჭიროს მხარი.

პრემიერმინისტრის განცხადებით ცვლილებები საშუალებას მისცემს ქვეყანას, განაახლოს პოლიტიკური სისტემა.

ბორისოვი მნიშვნელოვანი წნეხის ქვეშაა. ივლსიდან მოყოლებული, ბულგარეთში ანტისამთავრობო აქციები იმართება. ივლისის დასაწყისიდან ათასობით მომიტინგე მთავრობასა და პროკურორს კორუმპირებული მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქების საქმეების გამოძიების განზრახ გადადებაში ადანაშაულებს და, "სახელმწიფო მიტაცებას" და "მაფიური სტილით მმართველობას" აპროტესტებს.

ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი და კორუმპირებული ქვეყანაა, რომელსაც კორუფციის აღმოფხვრის პირობა აქვს დადებული, თუმცა ჯერჯერობით კორუფციის ბრალდებით არცერთი მაღალჩინოსანი არ დაუკავებიათ.

იმის საჩვენებლად, რომ მთავრობა კერძო ინტერესების გავლენის ქვეშ არ მოქმედებს, მან  რამდენიმე მინისტრი გაათავისუფლა, თუმცა კადრების შეცვლამ ბულგარეთში არსებული კორუფციის გამო რისხვა საზოგადოებაში ვერ დააცხრო.

აღსანიშნავია, რომ 11 ივლისს მთავრობისა და პროკურორის გადადგომის მოთხოვნას პრეზიდენტიც შეუერთდა.

მანამდე, ეროვნული დაცვის სამსახურმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩხრეკა ჩაატარა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი დააკავა. მომიტინგეები ამ ქმედებას პრეზიდენტ რუმან რადევზე თავდასხმად განიხილავენ, რადგან ის მთავრობას აკრიტიკებს.

ეროვნული დაცვის სამსახური (NSO) პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მას შემდეგ შევიდა, რაც რადევმა NSO-ს მოუწოდა, რომ შეეწყვიტა აჰმედ დოგნანის დაცვა. აჰმედ დოგნანი ბიზნესმენი და პოლიტიკური პარტიის, მოძრაობა უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის (DPS) საპატიო თავმჯდომარე და ბულგარეთის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა. 

ბულგარეთში ბევრი თვლის, რომ DPS ქვეყნის სასამართლო სისტემას აკონტროლებს, მათ შორის პროკურატურას.

კომენტარები