ევროპული საქართველო

ჭიაბერაშვილი: მოსახლეობას ეშინია, რომ ოცნება კვლავ იმანიპულირებს საარსებო შემწეობით

facebook/zurab tchiaberashvili

თელავის, ახმეტისა და ლაგოდეხის ოლქში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ პარტიის მაჟორიტარ კანდიდატებს მთელი საქართველოს მასშტაბით მოქალაქეები მიმართავენ შფოთვით, 2020 წლის არჩევნებზეც გამოიყენებს თუ არა ქართული ოცნება საარსებო შემწეობით მანიპულირების გზას. 

ამის შესახებ მოქმედმა დეპუტატმა 13 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

"რას ნიშნავს საარსებო შემწეობებით მანიპულირება? როდესაც ქართული ოცნება, ერთი მხრივ, მათ, ვისაც უკვე აქვს საარსებო შემწეობა დანიშნული, აშინებენ და ეუბნებიან, რომ თუკი 41 ნომერს არ შემოხაზავენ, დახმარება მოეხსნებათ. 

მეორე მხრივ კი, იმისათვის, რომ ქართულ ოცნებას მოუმატონ ხმები და პირდაპირ მოისყიდონ არჩევნებზე, არ ერიდებიან სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი აქტივისთვის ასეთი შემწეობების დანიშვნას, იმ შემთხვევაში, როდესაც, ბუნებრივია, ეს ათასობით სოციალურად დაუცველს აკლდება. 

თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საარსებო შემწეობის გარეშე უამრავი ადამიანი დარჩა და ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავებულია დღეს, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე". – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

დეპუტატმა პარტიის სახელით ხელისუფლებას მოუწოდა, არ მიმართოს საარსებო შემწეობებით მანიპულირების ხერხს, ვინაიდან ხალხს ძალიან უჭირს და ეს გაჭირვება წინასაარჩევნოდ არ გამოიყენონ. 

"ადამიანებს სჭირდებათ თუნდაც ის მცირედი საარსებო შემწეობა, რაც აქვთ. არ შეიძლება სიღარიბეში მყოფი ადამიანების ბედით ისე მანიპულირება და თამაში, როგორც ამას ქართული ოცნება ტრადიციულად მიმართავს". – თქვა დეპუტატმა. 

ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოქალაქეებსაც მიმართა და უთხრა, არ შეეშინდეთ, რადგან, თუკი იმის საფრთხეს ან რაიმე სახის საშიშროებას იგრძნობენ, რომ, შესაძლოა, შემწეობები დაკარგონ, მიაკითხონ ევროპული საქართველოს რაიონულ ოფისებს. 

"თუკი ისინი დაინახავენ ასეთ უსამართლობას, იცოდნენ, რომ ევროპული საქართველოს ყველა მაჟორიტარი კანდიდატი არის მათ სამსახურში და ისინი მზად არიან, რკინის ქალამნები ჩაიცვან და მათთან ერთად მიმართონ გამგეობასაც, სოციალურ სამსახურსაც და ჯანდაცვის სამინისტროსაც". – თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. არჩევნები 120/30 პრინციპით ჩატარდა, რაც 120 დეპუტატის პროპორციული, 30-ისა კი მაჟორიტარული წესით არჩევას გულისხმობს. 

თელავის, ახმეტისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში ზურაბ ჭიაბერაშვილის ოპონენტი იქნება კახეთის მოქმედი გუბერნატორი  ირაკლი ქადაგიშვილი ქართული ოცნებიდან

კომენტარები